მთავარი საქართველო Pfizer-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

Pfizer-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან ზუსტად 10 დღე გავიდა. ქვეყანაში, რომელშიც 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს,  სულ 4152 ადამიანია აცრილი. თუმცა დარეგისტრირება დღეისათვის 381 ათას 570 ადამიანს შეუძლია. სწორედ ეს არის მედპერსონალის, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და საქართველოში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთად შეკრებილი რაოდენობა.

“ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა, 14  500 ადამიანი, რომლებიც ამ ვაქცინით აიცრებიან, ექვსი კლინიკა, რომლებშიც მათ აცრას შეძლებენ, 21-დღიანი ინტერვალი პირველ და მეორე დოზებს შორის და ერთით მეტი კითხვა, „გაქვთ თუ არა გაკეთებული ე.წ. ფილერი,“ ანუ შემავსებელი, რომელიც თანდაყოლილი ან შეძენილი ეფექტების შესავსებად ან გასაუმჯობესებლად გამოიყენება. სწორედ ეს არის ის პირობები, რომლებიც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლასთან ერთად მიიღეს.

 
“ვინც ფილერს ხშირად იყენებს, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული გართულებები, რომლებიც საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ ამ კითხვას „ფაიზერის“ ვაქცინით აცრამდე მოქალაქეებს დამატებით დაუსვამენ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

დღეიდან, 25 მარტიდან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ასაცრელად დარეგისტრირება 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აცრის მსურველებს საშუალება ექნებათ, თავად გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის. „ფაიზერის“ ვაქცინისთვის დარეგისტრირება დღეს, 25 მარტს, საღამოს 6 საათიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან, დაიწყება.

„არ გვაქვს იმის შიში, რომ დოზებს ვერ ავითვისებთ. ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს გააჩნია კალენდარი, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ყოველ კვირას ვიკრიბებით და ეტაპობრივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აპრილის შუა რიცხვებამდე საქართველოში ვაქცინაციის მსურველთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება, შესაბამისად, ყველა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, საკუთარი სურვილის დაფიქსირებას შეძლებს.

„ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისათვის, რომ გვქონდეს მსურველთა ზუსტი რაოდენობა და, შესაბამისად, იმის მოლოდინიც, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროცესში ჩართული, იმ დროისთვის როცა ვაქცინა შემოვა. უფრო ფართო ვაქცინაციის ეტაპები კი დაგეგმილი გვაქვს ამ წლის მესამე, მეოთხე კვარტალში“, – ამბობს  თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში კორონავირუსის 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 1,92%-ია, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას ნიშნავს. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვები დააწესონ იმ რეგიონებში, რომლებშიც სიტუაცია მკვეთრად გაუარესდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

PfizerPfizer