NATO-ს გენერალურმა მდოვანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ფედერაციის რეპრესიულ შიდა პოლიტიკასა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების საპასუხოდ მზადყოფნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
“ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან მაშინ ვითანამშრომლებთ, როდესაც ეს ჩვენს ინტერესებში იქნება და ამის დასტურია ჩვენსა და რუსულ მხარეს შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევა. მეორეს მხრივ ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას, ჩემი აზრით ამ საკითხზე NATO-ში იგივე მოსაზრებაა. ჩვენი სურვილია, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხშიც სრული თანხმობაა, რომ კონცენტრაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მომავალ საფრთხეებზეც გაკეთდეს”, – ენტონი ბლინკენი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის ფედერაცია დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში, სხვა სახელმწიფოების საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევაში და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ NATO-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.
“რუსეთის ფედერაციაში ჩვენ მოწმენი ვართ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიის. ჩვენ ალექსეი ნავალნისა და პოლიტიკური მოტივებით დაკავებული სხვა ადამიანების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. რუსეთის ფედერაცია მეზობელ სახელმწიფოებში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ცდილობს ვითარების დაძაბვას. რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს ბელარუსში მოქალაქეებზე ძალადობას და ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების შიდა საქმეებში უკანონოდ ჩარევას,”- იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირთან ერთად რუსეთის ფედერაციის საპირწონედ საერთო საგარეო პოლიტიკის წარმოების საკითხზე შეთანხმდნენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ გადაწყვეტილებას ათლწლეულების მანძილზე საერთო თავდაცვის პოლიტიკის ყველაზე მასშტაბური გადახედვა უწოდა. მისი თქმით მიუხედავად დასავლეთის ბევრი მცდელობისა რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთობები დამყარებულიყო, უკანასკნელის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ამის საშუალებას არ იძლევა.