საქართველოში ჯერ ისევ არ ჩანან ტურისტები… ადგილები, სადაც თითქმის ყველა სეზონზე უამრავი სტუმარი იყო, კვლავ ცარიელია. ტურისტული სააგენტოების ნაწილი საერთოდ დაიხურა. შედარებით მსხვილი ტუროპერატორები შემცირებული რესურსით აგრძელებენ მუშაობას და მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ტურების დაგეგმვასაც იწყებენ. ყველაფერი ჯერ ისევ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა ტურისტული სექტორის დროული ინფორმირება, რეგულაციების დაწესების ან მოხსნის შესახებ, რათა მათ თავიანთი დღის წესრიგის განსაზღვრა შეძლონ და ნაკლები ზიანი მიადგეთ.
ნინო ნიკოლაძეს მისი ტურისტული სააგენტოს ოფისში თითქმის ერთი წელია თანამშრომლები აღარ ხვდებიან. აქ თავადაც მცირე დროით მოდის, სამუშაო ჯერ ისევ არ არის.
“ჩვენ შევძელით, რომ 2020 წლის პირველ ივნისამდე აგვენაზღაურებინა თანამშრომლების ხელფასები, მაგრამ ჰორიზონტზე არ ჩანდა არანაირი იმედის ნიშან-წყალი. შესაბამისად, შევცვალეთ კომპანიის სტრატეგიაც. უკვე ვეღარ ვახერხებდით თანამშრომლებისთვს ხელფასების გადახდას, რამდენიმე თანამშრომელი დავკარგეთ კიდეც. რა თქმა უნდა, ძალიან გვწყდება ამაზე გული, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ კადრების დაბრუნებას” – ამბობს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი ნინო ნიკოლაძე.
მსხვილმა ტუროპერატორებმა კი ზაფხულისთვის მზადება დაიწყეს. ისინი მოქალაქეებს უკვე სთავაზობენ ტურისტულ პაკეტებს, თუმცა შესაძლოა წელს დასვენება უფრო ძვირი დაჯდეს.
“ჩვენ ვთავაზობთ იმ მიმართულებით ჩარტერულ რეისებს და სრულ ტურისტულ პაკეტებს, სადაც უფრო გამარტივებულია და მოგვარებულია უსაფრთხოების ნორმები. მაგალითად – თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი არ ითხოვს ვაქცინაციას. მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შეგვიძლია გადავკვეთოთ ამ ქვეყნების საზღვრები. ფასებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ზრდას არ ვპროგნოზირებთ, თუმცა ფასების ცვლილებაზე მაინც შეიძლება იმოქმედოს დოლარის კურსმა” – ამბობს ერთ-ერთი საერთაშორისო ტუროპერატორის კომერციული დირექტორი სალომე ბერაია.
საქართველოს საზღვრები 2020 წლის მარტში ჩაიკეტა. 2021 წლის თებერვლიდან კი რეგულარული ავიარეისების აღდგენა დაიწყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ხშირი ცვლილება ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად აზარალებს.
“ზოგადად, დიდი გაურკვევლობაა – რა არის დღეს, რა იქნება ხვალ, როდის მოიხსნება კომენდანტი, რა შემთხვევაში რა ნაბიჯის გადადგმას გეგმავს ქვეყანა. ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად, წინასწარ რომ იცოდეს ტურიზმის სექტორმა მათთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება. დაგეგმო პირობითად ტურები, ჩამოიყვანო ვიზიტორები, ეს ძალიან რთულია სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, ავიაკომპანიებისთვის, როდესაც არ იციან, რა იქნება ხვალ. გვესმის, რომ ამის განსაზღვრა რთულია, მაგრამ უნდა იყოს გაწერილი ნაბიჯები, რა იქნება სიტუაციის გაუარესების ან გაუმჯობესების შემთხვევაში” – ამბობს საინვესტიციო კომპანია “გალტ ენდ თაგარტის” კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი.
საქართველოში დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ტურისტებმა ჩამოსასვლელად ვაქცინაციის სრული კურსის შესახებ ცნობა ან გამომგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ. ჩამოსვლიდან 3 დღეში კი კვლავ ტესტი უნდა ჩაიტარონ.
ამ დროისთვის არსებული შეზღუდვების თანახმად, საქართველოში მოგზაურობის მსურველებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ 21:00 საათის შემდეგ ვერსად წავლენ, პირბადე კი ის ატრიბუტია, რომელიც ყველგან დასჭირდებათ, ღია თუ დახურულ სივრცეში.
ნანუკა მეშველაშვილი