ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, NATO, არსებობის 8 ათწლეულშია. მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი 72 წლიანი ისტორიის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარა, იქნებოდა ეს კომუნიზმი თუ საერთაშორისო ტერორიზმი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში NATO-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე გაჩნდა კითხვები NATO-ს სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ვიზიტისას კი მოკავშირე სახელმწიფოებს ამცნო ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი – აქტიურად დაუბრუნდეს თანამშრომლობას.
NATO-ს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიის, NATO 2030-ის, ძირითადი მიმართულებებია:
- NATO-ს როლის, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და კანონის უზენაესობის გარანტიორის შენარჩუნება და განმტკიცება;
- კოლექტიური თავდაცვის მიზიდულობის ცენტრად დარჩენა;
- საერთაშორისო დონეზე უფრო აქტიური როლის თამაში;
- ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება;
- მოკავშირე სახელმწიფოებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება;
ბოლო პუნქტი ეხება საქართველოსაც.
შავი ზღვის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე გაჩნდა კიდევ ერთი შესაძლებლობა NATO-თან უფრო მეტად დაახლოების, ამის დასტურია ერთი კვირის წინ NATO-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტი ფოთში.
საერთაშორისო პოლიტიკური დინამიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მომავალი ათი წლის მანძილზე, საკმაოდ განსხვავებული იქნება. გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და სხვადასხვა სიმძიმის ცენტრების შექმნის ფონზე, იქნება ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თუ რუსეთის ფედერაცია, NATO-ს ახალ გამოწვევებზე ახალი პასუხები სჭირდება, სწორედ ამ ახალი გამოწვევების პასუხია NATO-ს სტრატეგია 2030.