მთავარი საქართველო სენატის განცხადებების პოლიტიკური შეფასებები

სენატის განცხადებების პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთებულ განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ამბობენ, რომ სენატორების მოწოდებების მთავარი ადრესატი ოპოზიცია და მისი ქმედებები იყო. მმართველი პარტია კრიზისის გადასაწყვეტად, შემხვედრ ნაბიჯებს და მეტ პასუხისმგებლობას კვლავ ოპოზიციისგან ელოდება.

“ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება. „ქართული ოცნება“ იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახა კუჭავამ.


პარტია „ქართული ოცნების“ მსგავსად, გზავნილებს ამერიკიდან, საკუთარი ინტერპრეტაციით ხედავს ოპოზიციაც.  მმართველი პარტიის  ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარმა პარტნიორმა, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მეტი წილი პასუხისმგებლობა, სახელისუფლებო პარტიას დააკისრა.

„ვფიქრობ, სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო. რა თქმა უნდა, ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე, არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს. ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს და შესაბამისად იმოქმედოს“, – თქვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

კიდევ რას ამოიკითხავენ ამერიკელი სენატორების განცხადებებიდან ქართველი პოლიტიკოსები და როგორ იმოქმედებს სენატის 23 მარტის სხდომა, მოლაპარაკებების პროცესზე, ამას უახლოესი პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს.  ღრმა დიპლომატიური განცხადებებიდან, აშკარაა საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნის ღელვა, რომელიც ახლა თუ მწუხარებით და შეშფოთებით შემოიფარგლება, ხვალ შესაძლოა უფრო მკაცრი მიდგომებით შეიცვალოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

სენატის განცხადებებისენატის განცხადებები
Send this to a friend