მთავარისაქართველომამები დეკრეტში

მამები დეკრეტში

საქართველოში ქალების მსგავსად დეკრეტში გასვლა მამაკაცებსაც შეუძლიათ. მშობლის ეს უფლება კანონით არის გამყარებული. მაგრამ რამდენი მამა სარგებლობს ამ უფლებით? რამდენს სურს დედა გავიდეს სამსახურში თავად კი ბავშვის მოსავლელად შვებულება აიღოს?

მირიან ჯუღელი ის მამაა, რომელმაც დეკრეტული შვებულებით ისარგებლა. ერთი თვის განმავლობაში სახლში იყო და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი საშუალება იყო იმისათვის, რომ შვილის განვითარებაში მიეღო მონაწილეობა. მაშინდელ სირთულეებს მირიანი ახლა უკვე ღიმილით იხსენებს.

 
„ეს ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი შვილია. ბავშვის აღზრდის არანაირი გამოცდილება არ გვქონდა  და, მივიჩნევ, რომ  პირველი დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შვილის აღზრდა დიდებული პასუხისმგებლობაა ამიტომ გვინდოდა ერთმანეთს დავხმარებოდით. ბევრი „პირველი“ ჩნდება შენს ცხოვრებაში. პირველი ტირილი, პირველი უძილო ღამე, პირველი სიცხე – ეს ყველაფერი აქამდე არ ყოფილა და არ იცი, რა უნდა გააკეთო, იმიტომ, რომ არ გქონია გამოცდილება”, – თქვა მირიან ჯუღელმა.

მირიან ჯუღელი სტერეოტიპებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა. ზოგმა საერთოდაც არც იცოდა, რომ მამებისთვის დეკრეტული შვებულება არსებობს.

„მეგობრებს თავიდან გაუკვირდათ, რადგან უმეტესობას არც სმენია, რომ ეს შესაძლებელია. ჩემმა ზოგმა მეგობარმა, რომელმაც გაიგო ამის შესახებ და შემდეგ შვილი შეეძინა, მათაც მოუნდათ, ამ შვებულების გამოყენება “, – აღნიშნა მირიან ჯუღელმა.

ზოგიერთი ქალის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მამებსაც შეუძლიათ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა. რადგან, მათი შეფასებით, ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელმა თანაბრად უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„ბავშვი როდესაც დაიბადება, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული, ამავე დროს ეს ასოცირდება ასევე სტრესთან. როდესაც ქალს მოვწყვეტთ ექვსი თვე თავის საქმიანობას, ვერ მიდის სამსახურში, უნივერსიტეტში – ეს ერთ-ერთი სტრესული ფაქტორია და უფრო მეტი ქალი საუბრობს მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე. როდესაც მამაკაცს შეუძლია, რომ ჩაენაცვლოს ქალს და რაღაც პერიოდის შემდეგ ის იყოს სახლში და მან მოუაროს ბავშვს, ძალიან მნიშვნელოვანია და თან აქ ბავშვის უფლებებიც არ ირღვევა, ერთი პერიოდი ჯერ დედა არის ბავშვთან, შემდეგ – მამა. დედაც უფრო რეალიზებულად და მშვიდად გრძნობს თავს“, – განაცხადა ფილოლოგმა, ანი ჯავახიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დეკრეტული შვებულებისთვის მამებს არ მიუმართავთ. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2020 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მამაკაცების 65% მომხრეა, რომ დეკრეტული შვებულება დედებთან ერთად, მამებსაც ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა ცენტრში იმ მიზეზებზე საუბრობენ, თუ რატომ სარგებლობს დეკრეტული შვებულებით ცოტა მამაკაცი.

„პირველ რიგში, არაინფორმირებულობა და არცოდნა იმის, რომ მამაკაცსაც აქვს უფლება, გამოიყენოს მამის დეკრეტული შვებულება. მეორე პრობლემა შეიძლება არსებობდეს ის, რომ არასწორად გაიგოს საზოგადოებამ, მამაკაცმა როგორ შეიძლება, ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, ” – აღნიშნა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა, დიმიტრი ნოზაძემ.

მირიან ჯუღელი ახლა მეორე შვილს ელოდება და აპირებს, რომ დეკრეტული შვებულებით ისევ ისარგებლოს. ადამიანის უფლებათა ცენტრში კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, შვილის აღზრდაში ორივე მშობელი თანაბრად იღებდეს მონაწილეობას.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend