ანგოლა ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც, ჯერჯერობით, კარგად არ იცნობენ. ანგოლას უკეთ გასაცნობად „ევრონიუსმა“ გადაწყვიტა მაღალგამავლობიანი ავტომობილის მოგზაურობის მოყვარულებს გაჰყოლოდა, ანგოლას თვალწარმტაც ბუნებასა და ოქროს ქვიშიან პლაჟებზე სასეირნოდ.
ევრონიუსის მასპინძელი ე.წ. „ოთხი-ოთხზე კლუბის“ წევრებისთვის ოთხამძრავიანი ავტომობილებით გაუვალ გზებზე მოგზაურობა ნამდვილი გატაცებაა.
„ჩვენთვის „ოთხი-ოთხზე“ ავტომობილით მოგზაურობა ჰობია. ანგოლაში კარგი პირობებია ამისთვის. ეს აფრიკაა. ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰყავდეს ერთი ოთხი-ოთხზე ავტომობილი, რომელიც გაუვალ ადგილებში მოგზაურობის წარმოუდგენელ სიამოვნებას აჩუქებს..“, – ფიქრობს ალფრედო ოლივეირა, 4×4 ტურის ხელმძღვანელი.
ეს ჯგუფი 130-კილომეტრიანი მარშრუტისთვის ემზადება. გზაზე, რომელიც ლუანდის პორტის ჩრდილოეთით მდინარე ონზუს შესართავამდე მიდის, ულამაზესი ხედებია.
გზას ოცდაერთი ავტომობილისგან შემდგარი ქარავანი გაუდგა.
მარშრუტის პირველი მონაკვეთი ლუანდიდან მეზობელ ბენგოს პროვინციამდეა გადაჭიმული. გზად ქალაქსაც გაივლი, სოფელსაც და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფასაც შეავლებ თვალს.
იური მაიო გიმარაინში, „ტოიოტა ლანდ კრუიზერ ანგოლას“ პრეზიდენტი:
„მოგვწონს მანქანით თავისუფლად სიარული. ანგოლა უზარმაზარი და შეუსწავლელი ქვეყანაა. მას ბევრი რამის მიცემა შეუძლია არა მხოლოდ ადგილობრი მოსახლეობისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც კლუბის წევრებს, გვინდა „ტოიოტა ლანდ კრუიზერების“ საჭეს მივუსხდეთ და ამ უპირატესობით ვისარგებლოთ.“
გაუვალი გზებით ოკეანის სანაპიროსკენ რომ მიქრიხარ, ულამაზეს პეიზაჟებს გაივლი.
ადელინო ჩავესი, 4×4 ტურის მონაწილე:
„ნამდვილად გაგვიმართლა, ასეთი ქვეყანა რომ გვაქვს, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, თანაც მრავალფეროვანია. შეგიძლია, ტყიდან უდაბნოში გახვიდე და მერე პლატოს მიადგე. ყველა ადგილი განსხვავებული მცენარეებითა და რაღაც თავისებურებით გამოირჩევა. გვაქვს სანაპირო და ზღვა. ძალიან მრავალფეროვანი ბუნებაა.“
ქვიშნარზე ნავარდი და ადრენალინის მიღება ამ მოგზაურობის განუყფელი ნაწილია. ამ მძღოლებს ბუნებისა და რბოლის სიყვარული აერთიანებთ და გარემოს არასოდეს აბინძურებენ.
ადელინო ჩავესი, 4×4 ტურის მონაწილე:
„როგორც წესი, სადაც მივდივართ, იმ ადგილს უფრო სუფთას ვტოვებთ, ვიდრე დაგვხვდა… დროს ვატარებთ, ვტკბებით ბუნებით, ნადირობითა და თევზაობით, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობას არ ვკარგავთ. თუ ასე მოვიქცევით, ვინ იცის, იქნებ ჩვენმა შვილებმაც ნახონ ეს ყველაფერი.“
ავტოქარავანის მარშრუტის ბოლო პუნქტი მდინარე ონზუსა და ოკეანეს შესართავია. როგორც იური მაიო გიმარაინში, „ტოიოტა ლანდ კრუიზერ ანგოლას“ პრეზიდენტი, ამბობს დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებითაც კი საოცარ პეიზაჟებს ნახავთ: „მარცხნივ მდინარეა, მარჯვნივ – ზღვა… ანგოლა სავსეა ასეთი ადგილებით. როგორც კი ვახერხებთ, ჩვენი კლუბი ყოველთვის გადის ასეთ ტურებზე.“
ავტომოგზაურობის მოყვარულები მზად არიან, საკუთარი გამოცდილება ანგოლაში ჩასულ ტურისტებსაც გაუზიარონ.
ალფრედო ოლივეირა , 4×4 ტურის ხელმძღვანელი:
„ჩამობრძანდით, დაგვიკავშირდით და ერთად განვიცადოთ ის სიხარული, რომელსაც ანგოლა თავისი მშვენიერებით გვანიჭებს.“
დამონ ემბლინგი