ინტერნეტში ფარულად მოქმედ ვებგვერდებზე, ანუ Darknet-ზე, იანვრის დასაწყისიდან ფალსიფიცირებული ვაქცინები, კოვიდის უარყოფითი პასუხები და ყალბი პასპორტები იყიდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელისა და ამერიკის კვლევითი ორგანიზაცია „ჩექ პოინტი“ ავრცელებს. მათი ცნობით, 500-750 დოლარად შავ ბაზარზე იყიდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ასევე რუსეთის მიერ დამზადებული „სპუტნიკ V“, ჩინური ვაქცინა „სინოფარმა“ და ამერიკული „ჯონსონ&ჯონსონი“. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Darknet-ზე ამ პროდუქტების შეძენით, არსებობს პერსონალური მონაცემების გავრცელების საშიშროება, ამავე დროს არ არსებობს გარანტია, რომ ეს პრეპარატი არ არის ფალსიფიცირებული.
„ჩექ პოინტის“ ცნობით, ჰაკერების ფორუმებზე მსგავსი შინაარსის განცხადებების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა იანვრის დასაწყისში. ამჟამად Darknet-ზე ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე ასეთი 1,200 რეკლამა ტრიალებს.
კიბერუსაფრთხოების მკვლევრების თქმით, ვაქცინაციის ყალბი პასპორტი, ანუ სერტიფიკატი, 150 დოლარი ღირს. თანხის გადახდა ბიტკოინებით ხდება.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა „ბიბისისთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ექსპერიმენტის სახით შეიძინეს „სინოფარმას“ ვაქცინა, თუმცა დღემდე არ მიუღიათ.
„ჩექ პოინტი“ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შექმნან QR-კოდის უნივერსალური სისტემა აცრებისთვის, რათა გამოირიცხოს გაყალბების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და საბერძნეთმა, უკვე დაიწყო ვაქცინაციის ციფრული პასპორტის გაცემა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გასულ კვირას გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ევროპისთვის ერთიანი ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება.