კოვიდპანდემია მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიმატა პროდუქტებისა და სერვისების ფასებმა. გაძვირებული ცხოვრება განსაკუთრებით მძიმედ სოციალურად დაუცველ პირებზე აისახება.
ზეთი, შაქარი, წიწიბურა, პური, რძის ნაწარმი – ეს იმ სასურსათო პროდუქტთა მცირე ჩამონათვალია, რომლის ფასმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა.
„ხორცსა და ქათამს ვეღარ ვყიდულობ. მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებ, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვყიდულობ. მაკარონზე კი რამდენი ხანი უნდა იყოს ადამიანი?!“
„ზეთით დაწყებული, ყველაფერი გაძვირებულია.“
„კონკრეტულად რა გაძვირდა, ვერ გეტყვით. ერთიანად ვიხდი ხოლმე. ახლა ორმაგის და ხან სამმაგის გადახდა მიწევს.“
საზოგადოების წუხილს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტად ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. ზრდამ 34.3% შეადგინა. შაქარი და ტკბილეულობა – 14.1%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 12.4%-ით, თევზეული -10.6%-ით, პური და პურპროდუქტები – 8.7%-ით, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის 6.4%-ით გაიზარდა.
გაძვირებული ცხოვრება განსაკუთრებით მძიმედ სოციალურად დაუცველ პირებზე აისახა.
ლელას ხუთი შვილის ჰყავს. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად შვიდსულიანი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ისედაც არასტაბილური შემოსავლის დაკარგვისა და პროდუქტების გაძვირების შემდეგ სოციალური დახმარება ოჯახისთვის საკმარისი აღარაა.
„ხუთ ბავშვზე მხოლოდ და მხოლოდ 150 ლარი დამემატა და იმ თანხით ვყიდულობ პროდუქტს. თუმცა დღევანდელი ყოფის გათვალისწინებით, ხუთ ბავშვსა და ორ ზრდასრულს ეს თანხა არაფერში არ ჰყოფნის. ფასები ყველაფერზე გაიზარდა. ზეთში ადრე სამ ლარს ვიხდიდი, ახლა კი ფასი ლამის 7 ლარამდე გაიზარდა“, – ამბობს ლელა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფო არამხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს, არამედ ყველა იმ ოჯახს დაეხმარა, რომელებზეც პანდემიას უარყოფითი გავლენა ჰქონდა.
„ჩვენს ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველებისათვის 2020 წელს 6 თვის განმავლობაში დამატებითი თითო ოჯახის წევრზე 35 ლარი გავეცით. მეორე ტალღა რომ დაიწყო, 2021 წლის იანვრიდან იმავე მეთოდით ვცდილობთ, რომ სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეკონომიკური კრიზისი ან შემცირდება პროდუქტების ფასები. მანამდე კი საქართველოს ბევრი ოჯახი სახელმწიფოსა და საზოგადოების დახმარების იმედად რჩება.
ნინი დვალიშვილი