ავსტრალიის ხელისუფლება წყალდიდობისგან დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. პროცესში 1000-მდე ჯარისკაცია ჩართული. ახალი სამხრეთი უელსის შტატში წყალდიდობის გამო 18 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ძლიერი წვიმა გასულ 18 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. გაწმენდითი სამუშაოები ქვეყანაში ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყო.
ახალი სამხრეთი უელსის ნაწილში, რომელიც სიდნეისაც მოიცავს, ამინდი გაუმჯობესდა, მაგრამ ხელისუფლებამ მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებ მაინც გააფრთხილა.
ავსტრალიის შტატში 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობამ სახლები ერთი კვირის წინ დატოვა, ხელისუფლებამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ გაწმენდითი სამუშაოები აპრილამდე გაგრძელდება.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში წლიური ნალექი რაოდენობა ორი მესამედი იყო.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ათასობით ადამიანი კვლავ ევაკუაციის მოლოდინშია, მდინარეები კვლავ ადიდებულია, აუზებში წყლის იმხელა ნაკადი ჩადის, რამდენიც 50 წლის და ზოგიერთ შემთხვევაში 100 წლის განმავლობაშიც კი არ ჩასულა”,- განაცხადა შტატის პრემიერმა გლედის ბერჯიკლიანმა.
ახალი სამხრეთის უელსის მთავრობას გაწმენდითი სამუშაოს შესრულებაში თავდაცვის უწყებიდან 1000 თანამშრომელი დაეხმარა.
„ექსტრემალური სიტუაციაა, ან კოკისპირული წვიმაა, ან + 40 გრადუსია და ისე ცხელა, რომ ტყეები იწვის. ნამდვილი სიგიჟეა“- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები რორი კირკლენდი.
„მე გამიმართლა. სხვები იღბლიანები არ აღმოჩნდნენ, გვერდით ქუჩაზე სახლებს იატაკი მოსწყდა და წყალმა წაიღო, ზოგიერთმა წინა ეზოც დაკარგა „, -ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ჯეისონ ქუინი.
გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა მათ, ვისაც შარშან სახლი ხანძრის გამო დაეწვა, ამ დამანგრეველი წყალდიდობის ზარალის აღდგენა გაუჭირდებათ ..