მთავარი საქართველო კახაბერ საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

კახაბერ საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“, – წერს კახაბერ საბანაძე.

კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახა საბანაძისგან იღებდა, მათ შორის 20 ივნისის ღამესაც. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

უახლესი

სხვა ამბები