ევროპა ცდილობს დაემშვიდობოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებს. ამ საკითხზე გარემოს დამცველ ორგანიზაციებსა და მანქანის მწარმოებელ კომპანიებს შორის ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოება. მარტის დასაწყისში ევროკავშირის ცხრა წევრმა ქვეყანამ ევროკომისიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისინი ითხოვდნენ ზუსტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა შეწყდეს შიდა წვის ძრავების წარმოება. ევროკომისიის განცხადებით, ევროპაში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებით მოძრაობა 2050 წლისთვის აიკრძალება. თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა მათ ეკოლოგიურად სუფთა მანქანების წარმოება დაიწყონ. ამჟამად ზუსტი თარიღი უცნობია. გასათვალისწინებელია ის, რომ თითოეული მანქანის მოხმარების ვადა დაახლოებით 10-15 წელია“, – აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი ტიმ მაკფი.
ამჟამად სატრანსპორტო სექტორი საერთო გამონაბოლქვის 25 პროცენტზეა პასუხისმგებელი. ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 90 პროცენტით უნდა შემცირდეს.
თუმცა, ამჟამად ევროკავშირის საავტომობილო სექტორი ღრმა კრიზისში იმყოფება. პანდემიის გამო 2020 წელს ევროპული მანქანების წარმოება 23 პროცენტით შემცირდა.
ევრონიუსმა სცადა, დაკავშირებოდა ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან. მათგან პასუხი არ მიგვიღია. თუმცა, ერთ-ერთმა გერმანელმა ევროპარლამენტარმა განგვიცხადა, რომ პოპულისტური მიდგომები პრობლემას ვერ მოაგვარებდა.
ავტომობილების ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის შედეგად ზარალდებიან მომხმარებლებიც. ახალი რეგულაციების მიხედვით, ავტომწარმოებლებს ახლა „ევრო 6“ ტიპის ძრავის დამზადება ევალებათ, რაც მანქანის ფასს აძვირებს.
“ახალი მანქანები ძალიან ძვირია. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი „ფოლკსვაგენ პოლოს“ 15-20 ათას ევროდ შეძენა შეძლონ. ევროკომისიის გეგმების გამო ეს შეიძლება შეიცვალოს“, – აცხადებს ჟურნალისტი დენიელ ზაკი.
ექსპერტების თქმით, მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების ფასი დაეცემა. ევროკავშირში ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა რკინიგზისა და ველოსიპედების ინფრასტრუქტურის განვითარება.