მთავარი ბრიუსელის ბიურო ბრიუსელის ტერაქტიდან 5 წელი გავიდა

ბრიუსელის ტერაქტიდან 5 წელი გავიდა

ბრიუსელის ტერაქტიდან 5 წელი გავიდა. 2016 წლის 22 მარტი ბელგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც დაიღუპა 32 და დაშავდა 300- ზე მეტი ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იმ ადამიანებს, რომლებიც 5 წლის წინ აფეთქებას გადაურჩნენ, დღესაც კარგად ახსოვთ ის, რაც ტრაგედიის დროს განიცადეს.

სებასტიანი ადრე პროფესიონალი კალათბურთელი იყო. მან აფეთქების შემდეგ 4 თვე საავადმყოფოში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 13 ოპერაცია ჩაუტარდა და მისი რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როგორც თავად ამბობს, იმ დღეს ნანახმა და განცდილმა ამბებმა უფრო მეტად გააძლიერა.

,,რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში არის რთული დღეები. ძალიან ძნელია, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ და ვეღარ ვაკეთებ იმ საქმეებს, რომლებსაც მანამდე ჩვეულებრივ ვაკეთებდი. მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი უბედურება, შეიძლება ცხოვრებისეული გაკვეთილიც იყოს შენთვის’’, – ამბობს სებასტიან ბელინი.

აეროპორტში მომხდარი აფეთქებიდან 1 საათის შემდეგ მორიგი აფეთქების ხმა გაისმა მაალბეკის მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის შტაბის მახლობლად მდებარეობს. იმ აფეთქების შედეგად შარლოტას მეუღლე დევიდ დიქსონი დაიღუპა. ის ახლა ხელმძღვანელობს ორგანიზაციას ,,გადარჩენილები ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ’’, რომელიც ტერორისტების თავდასხმების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება.

 

,,ჩვენ სხვადასხვა იდეოლოგიის მიერ მოტივირებული თავდასხმების მსხვერპლი ვართ,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი გამოცდილება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოგონებები და ამბები, რომელთა შორისაც ძალიან ბევრი მსგავსებაა. ერთ-ერთი მარტოობის გრძნობაა” – ამბობს შარლოტა დიქსონ-სატკლიფი.

2016 წლის 22 მარტმა ბევრი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend