მთავარისაქართველოროგორ ჩანს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა დასავლეთიდან

როგორ ჩანს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა დასავლეთიდან

ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკაბების მიუხედავად, ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა. რა პასუხს ჩაიტანს ევროპელი დიპლომატი ბრიუსელში, ევროგაერთიანების უმაღლეს ლიდერებთან, ჯერ უცნობია. როგორ ჩანს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა დასავლეთიდან და გაგრძელდება თუ არა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა, ამაზე ახლა ქართულ ექსპერტულ წრეებში მსჯელობენ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს არ მიატოვებს, თუმცა ჩვენთან ურთიერთობაში ახალი შტრიხები გაჩნდება.

 
“ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ძალიან კარგად იციან რასთან აქვთ საქმე. იციან, თუ როგორი განსხვავებული და მიუღებელი პოზიციები აქვთ ერთმანეთის მიმართ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას. ეს შედეგი, არანაიარად არ იყო მათთვის სიურპრიზი. მგონია, რომ დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა შესაძლოა ახალი მიდგომებით. ნამდვილად არ ველი რაიმე კატასტროფულ ცვლილებებს. დასავლეთი ჩვენს ქვეყანაზე ხელს არ აიღებს, რადგან ამერიკასაც და ევროპასაც დიდი შრომა, რესურსი და სახსრები აქვს ჩადებული ამ ქვეყნის და მისი საზოგადოების დემოკრატიულად განვითარებისთვის,“ – განაცხადა შორენა ლორთქიფანიძემ.

18 მარტის პოლიტიკური შედეგი მოულოდნელი არ იყო კიდევ ერთი ექსპერტისთვის. პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური კულტურა ვერ აჩვენეს. დასავლელი პარტნიორები გაწბილებული, ქვეყნის მოსახლეობა კი გაურკვევლობაში დატოვეს. პოლიტიკის სპეციალისტი გამოსავალს, კონსენსუსის გზების მოძებნაში კვლავ ხედავს.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია კრიზისშია, განსაკუთრებით პარტიული პოლიტიკის გამო. ჩანს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ჯერჯერობით არ არიან იმისთვის მომწიფებული, რომ ქვეყანას მომავლისკენ გაუძღვნენ. იმის მიუხედავად, რომ ასეთი რიტორიკა მათი პოლიტიკური განცხადებებიდან ისმის. ქართულ პოლიტიკას სჭირდება კომპრომისისკენ მიდრეკილება. რისი ტრადიციებიც, აღმოჩნდა რომ ჯერ არ გვაქვს,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რა მიდგომებით გააგრძელებს დასავლელი პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას, ეს ახლო მომავალში გახდება ცნობილი. ქართული პოლიტიკის ბედი, კვლავ თავად ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend