მთავარისაქართველოპოლიტიკური დიალოგი

პოლიტიკური დიალოგი

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ მოგვარდა, შეთანხმება ვერ შედგა და ერთკვირიანი მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიატორობით უშედეგოდ დასრულდა. მედიატორი კრისტიან დანიელსონი უკვე გაემგზავრა საქართველოდან. როგორც თავად აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამასობაში კი შიდა კონსულტაციებისთვის ოპოზიცია შეიკრიბა. ისინი ხვალ, 20 მარტს, აპირებენ, გამოაცხადონ კონკრეტული გეგმა, მათ შორის, საპროტესტო აქციების შესახებ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანელსონმა საქართველო უკვე დატოვა და ბრიუსელში დაბრუნდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები უკვე სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ და ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარიყო.

 
„იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა „ქართული ოცნება“, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პირობები დააყენა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„მოლაპარაკებების შედეგმა ცალსახად აჩვენა, „ქართული ოცნების“ სახე. რეალურად, მათ ყველაფერი გააკეთეს შეთანხმების არმიღწევისთვის და ცალსახად გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ევროპული ღირებულებების მიმართ, თავისუფლების მიმართ, ქვეყნის შიდა დემოკრატიის მიმართ. ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. მისი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იყო. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ათ-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპელმა დიპლომატმა განმარტა, რომ საბოლოოდ, პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად პასუხისმგებლობა ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ.

„ვიმედოვნებ, რომ ახლა მხარეები სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას, დაფიქრდებიან საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვის არის საჭირო. რომელიც საშუალებას მისცემს, რომ წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა.

მმართველი გუნდი კი ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ხედავს. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას არ სურს კრიზისის განმუხტვა.

„რასაკვირველია, ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია და, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს. სულ რომ არ გავაკეთოთ არანაირი კომენტარი, ყველა ხედავს, რა მოხდა. აქედან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ევროკავშირის დროშით შეუერთდნენ რაღაც აქციებს, რომელიც ნამდვილად არ არის საქართველოსთვის საშველი, დაფიქრდნენ – რა პოზიცია აქვს ევროკავშირს“, – თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

როდის გაგრძელდება და საერთოდ გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend