გასულ თებერვალში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2.9 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით – 23.3%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამე ექსპორტის ზრდის მაჩვენებელსაც კი აღემატება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ განმარტებით, ექსპორტის ზრდა მთლიანად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული – 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი ( რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3 პროცენტით გაიზარდა და 202.6 მლნ. აშშ დოლარი – მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტი შეადგინა.
თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს.ამავე პერიოდისათვის იმპორტი 12.2 პროცენტით შემცირდა და 618.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
„თებერვლის თვეში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ ჩვენ, ვაქცინაციის ფონზე და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორი კომპონენტს – სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.
„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.