მთავარი მსოფლიო ევროპა მორიგი შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში

მორიგი შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შემსუბუქებული შეზღუდვების კვლავ გამკაცრება უხდებათ. შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქში მორიგი კარანტინი დაწესდეს. შეზღუდვები აღდგება პოლონეთშიც, სადაც, სხვა ზომების მიღებასთან ერთად, დისტანციურ რეჟიმზე გადავა სწავლის პროცესი და ყველა სამსახური.

გარკვეული სიმშვიდის შემდეგ იტალიაში ბერგამოს შემოგარენის საავადმყოფოში ვითარება კვლავ დამძიმდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებული რვავე საწოლი კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს უკავიათ. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე  საზოგადოების დიდი ნაწილი კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინშია.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება შემაშფოთებელია. მისი აზრით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მესამე ტალღაა მოსალოდნელი და აუცილებელია ვაქცინაციის  დაჩქარება.

 

იმ დროს, როდესაც ვაქცინებთან, მათ მწარმოებლებსა და მიწოდებასთან დაკავშირებით კამათი არ წყდება, ევროპის ბევრი ქვეყანა შეზღუდვების თავიდან დაწესებას იწყებს. პოლონეთი ერთ-ერთია ამ ქვეყნებიდან, სადაც ინფიცირების  25 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ნეძელსკის განცხადებით, შეიზღუდება სავაჭრო ცენტრების, კინოთეატრების, თეატრებისა და მუზეუმების მუშაობა. ასევე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა და სხვადასხვა სამსახურებრივი საქმიანობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით გადაადგილება შეიზღუდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაინფიცირების 7 კვირის მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.

საფრანგეთში პარიზის მცხოვრებლები კი მორიგი კარანტინის მოლოდინში არიან. მთავრობაში დღეს გეგმავენ ახალი რეგულაციების წარდგენას. საფრანგეთის მთავრობის სპიკერი გაბრეილ ატალი აღნიშნავს, რომ მთავრობა უზრუნველყოფს „ტესტირების, სიფრთხილისა და დაცვის“ პოლიტიკის მკაცრ აღსრულებას. ხელისუფლება დამატებით ზომებსაც მიიღებს და ჩაკეტავს იმ რეგიონებს, რომლებშიც არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

დიდ ბრიტანეთში კი ხალხს მოუწოდებენ, კორონავირუსით გარდაცვლილთა ახლობლების პატივსაცემად თითო ხე დარგონ. პროექტის ორგანიზატორებმა მოაწყვეს მემორიალური ბაღი და ყვითელ ლენტებზე კორონავირუსით გარდაცვლილთა სახელები დაწერეს.

უახლესი

სხვა ამბები