ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. უკვე მეექვსე დღეა, რაც მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით მიმდინარეობს.
“დღეს ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, ძალიან კარგად მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – აღნიშნავს კრისტიან დანიელსონი.
17 მარტს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. როგორც მხარეები აცხადებენ, მოლაპარაკებები მძიმე, თუმცა საქმიანი იყო.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
„ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს და არ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება გარკვეულ სახეს უკვე იღებს და პოზიციებს უფრო სამართლიანად გამოხატავს.
მხარეები დეტალებს კვლავ არ აკონკრეტებენ, მაგრამ ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გეგმის ყველა პუნქტს შეეხება. მათ შორის განიხილება პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც.
„მოლაპარაკებები სირთულეებთან არის დაკავშირებული, დღესაც ეს პროცესი მძიმედ მიმდინარეობდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია“, – ამბობს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც მოლაპარაკებებს ესწრება.
პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ეს პროცესი გრძელდება მისი პოლიტიკური პატრონაჟით და მედიატორ დანიელსონის მონაწილეობით. ეს ადამიანი ჯერ კიდევ აქ არის და ხვალაც რჩება. ეს კარგია. ჩვენი ქვეყნისთვის შანსია, რომ შეთანხმების შედეგად ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. მაგრამ თვითონ მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული.“
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ პარტიები შეთანხმდნენ პრინციპზე.
„მოლაპარაკება წარმატებულად არ ჩაითვლება, სანამ ყველა საკითხი არ იქნება შეთანხმებული“. ეს ნიშნავს, რომ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება.“
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. რადგან, მისი თქმით, პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა პირველ საკითხად არ განიხილებოდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ შალვა ნათელაშვილი მოლაპარაკებებს ნაადრევად გამოეთიშა.
კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში 14 მარტს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. ის ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად მხარეებთან შეხვედრებს დღეს გააგრძელებს.
თორნიკე კოპლატაძე