მთავარიამერიკააშშოსკარზე ნომინირებული ევროპული ფილმები

ოსკარზე ნომინირებული ევროპული ფილმები

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის ნომინაციებში არაერთი ევროპული ფილმი მოხვდა, მათ შორის ფრანგული, დანიური, რუმინული და ბოსნიური ფილმები. ოსკარის დაჯილდოება 26 აპრილს ჰოლივუდში გაიმართება.

წლევანდელი ოსკარის დაჯილდოებაზე ევროპული ფილმები ფართოდ არის წარმოდგენილი. ფრანგი რეჟისორის ფლორიან ზელერის მიერ გადაღებული ფილმი „მამა“ ჯამში მიღებული ნომინაციების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. მასში ბრიტანელი მსახიობები ოლივია კოლმანი და ენტონი ჰოპკინსი თამაშობენ.

„თავიდან ეს ნაწარმოები პიესად დავწერე. არ მეგონა, თუ ჩემი ნამუშევარი ხალხს ასე მოეწონებოდა. როცა სცენაზე ვდგამდით პიესას, მაყურებლის რეაქცია ყოველთვის ერთნაირი იყო. ისინი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, წარმოდგენის შემდეგ თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. მივხვდი, რომ ზოგადად მამის თემა ბევრისთვის მნიშვნელოვანი იყო“ – აცხადებს ფილმის რეჟისორი ფლორიან ზელერი.

რუმინელი რეჟისორის ალექსანდრე ნანაუს მიერ გადაღებული „კოლექტივი“ ოსკარის საუკეთესო საერთაშორისო ფილმისა და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში არის დასახელებული. „კოლექტივი“ ღამის კლუბში მომხდარი ხანძრით გამოწვეულ პოლიტიკურ სკანდალს შეეხება.

„ეს ფილმი ეძღვნება გამომძიებელ ჟურნალისტებს, რომლებიც კორუფციისა და არაკომპეტენტური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან. ფილმი ასევე ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბოროტი სისტემის მსხვერპლნი ხდებიან.“ – აცხადებს ფილმის რეჟისორი ალექსანდრე ნანაუ.

ოსკარის არაერთ ნომინაციაზეა წარდგენილი თომას ვინტერბერგის ფილმი „შემდეგი რაუნდი“. საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ნომინირებულია ასევე ბოსნიური ფილმი „ქუო ვადის, აიდა“.

„ამ ფილმით ჩვენ ვახსენებთ მაყურებელს, თუ რა მოხდა სრებრენიცაში. 1995 წელს ბოსნიელები გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს“, – აცხადებს ფილმის რეჟისორი ჯასმილა ზბანიჩი.

ამერიკული აკადემიის დაჯილდოება 26 აპრილს ჰოლივუდში გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend