მთავარი ევროპა პორტუგალია კუნძული კორონავირუსის ერთი შემთხვევით

კუნძული კორონავირუსის ერთი შემთხვევით

კორვო აზორის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულია. კუნძულზე კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კორვოზე ვაქცინაციის პროგრამა უკვე დაწყებულია. პანდემიის გამო კუნძულს ტურისტები აღარ სტუმრობენ, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, მათი ცხოვრება, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

კორვო აზორის არქიპელაგის ყველაზე პატარა კუნძულია. იგი ევროპის კონტინენტიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც კუნძული მსოფლიო პანდემიას გადაურჩა.

„კორვოზე ცხოვრება მშვიდია. ჩვენ კარგად ვცხოვრობთ, ყველანაირი სტრესის გარეშე“, – ამბობს გიდი ფერნანდო კამარა.

კუნძულზე ტურისტები აღარ ჩამოდიან, რის გამოც გიდი ფერნანდო დიდად დაკავებული არაა. მას სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე ვულკანის კრატერზე მიჰყავს. ვულკანი მთელ კუნძულს გადაჰყურებს.

„ამჟამად კორვო ნამდვილი სამოთხეა. ეს უნიკალური ადგილია. კუნძულზე კოვიდის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ჩვენ ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს და ვცხოვრობთ ჩვეულებრივად.“ – ამბობს კუნძულზე მცხოვრები მასწავლებელი კარლა სანტოსი.

კორვოში ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი არავის მიენიჭება. ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, მთელი მოსახლეობა ერთდროულად აიცრება. როგორც კუნძულის მერი აღნიშნავს, ამას მარტივი ახსნა აქვს.

„ჩვენ მხოლოდ ერთი საცხობი და ერთი აფთიაქი გვაქვს. მთელი მოსახლეობა ყოველდღიურად ერთსა და იმავე მარშრუტს გადის.“ – აცხადებს კორვოს მერი ხოსე მანუელ სილვა.

პორტუგალიაში ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე მიმართა ვაქცინაციის ცენტრებს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი სპორტულ დარბაზში მოეწყო. გიდმა ფერნანდო კამარამ ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.

ცხოვრება პატარა კუნძულზე ძველებურად გრძელდება. რესტორნები, მაღაზიები და სკოლები ღიაა. თუმცა ტურისტების ნაკლებობა და პირბადეები მაინც ახსენებენ ადგილობრივებს პანდემიის არსებობას.

უახლესი

სხვა ამბები