მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ტურიზმის გახსნას გეგმავენ

საბერძნეთში ტურიზმის გახსნას გეგმავენ

საბერძნეთის ტურიზმის სექტორი გახსნისთვის ემზადება. ტურიზმის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ  იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ასევე იგეგმება ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემა იმ პირებისთვის, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ტურისტების მისაღებად.

საბერძნეთის მთავრობა გაზაფხულისთვის უცხოელი სტუმრებისთვის ტურისტული სეზონი გახსნას აპირებს. გეგმის მიხედვით, პირველი ფრენები აპრილში განხორციელდება. ეს იქნება საპილოტე ფაზა ტურისტებისთვის ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან, ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მაისის შუა რიცხვებში კი სიას დაემატება რამდენიმე ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტები საკარანტინო სივრცეში არ გადავლენ. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ისრაელთან ე.წ. მწვანე პასპორტების გამოყენებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი განცხადებით, მსგავსი ორმხრივი შეთანხმების გაფორმება კიდევ 10 ქვეყანასთან იგეგმება.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ჰარი თეოჰარისი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, ქვეყანაში დაიშვებიან ის ადამიანებიც, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ. აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსის ტესტს გაუკეთებენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ტურისტებს კოვიდსასტუმროებში გადაიყვანენ. ჰარი თეოჰარისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში მალე მიაღწევენ შეთანხმებას კორონავირუსის სერტიფიკატთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთი საკუთარ წესებს შეიმუშავებს.

 

საბერძნეთში სურთ, რომ ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატი დაამტკიცოს, რათა უფრო თავისუფლად შეძლონ ჩამოსვლა იმ ტურისტებმა, რომელთაც  ვაქცინა აქვთ მიღებული. თუმცა ქვეყანა პასპორტის გარეშეც მიიღებს იმ ტურისტებს, რომლებმაც ჩაიტარეს ვაქცინაცია. ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ მათაც, ვისაც რუსული ან ჩინური ვაქცინა აქვს გაკეთებული.

ტურიზმის სექტორი კი სტუმრების მისაღებად ემზადება. სასტუმროების გახსნას მაისში მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვით აპირებენ. განახლებულ სანიტარულ ნორმებს კი საბერძნეთის ჯანდაცვის სპეციალისტები დააწესებენ.

საბერძნეთი მსოფლიო ბაზარზე ახალი მოწოდებით წარდგა: „მხოლოდ საბერძნეთშია ის, რაც გინდა.“ ტურიზმის სექტორში აცხადებენ, რომ მზად  არიან უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებიც პანდემიამ მოიტანა, ხოლო ზოგადად ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ტურიზმით  იმ ზარალის მცირე ნაწილის ანაზღაურებას მაინც შეძლებენ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიადგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend