მთავარი საქართველო ბავშვი ასეთ დროს ვერ სწავლობს, მუდმივად გაღიზიანებულია - სოციალური მუშაკი

ბავშვი ასეთ დროს ვერ სწავლობს, მუდმივად გაღიზიანებულია – სოციალური მუშაკი

საქართველოში, სულ უფრო იზრდება ოჯახში ძალადობის შემთხვევები.  2020 წელს სამართალდამცველებმა იმაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, ვიდრე 2019 წელს. ძალადობის დროს ოჯახში ხშირად არიან არასრულწლოვანი წევრები, რომლებსაც მუდმივი კონფლიქტის გარემოში უწევთ ცხოვრება. ბავშვის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ სახელმწიფომ ერთიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რათა ოჯახური ძალადობის დროს ბავშვების უფლებები მუდმივად დაცული იყოს.


თანატოლებთან ურთიერთობის შეწყვეტა, დაბალი ნიშნები სკოლაში, ან აუხსნელი აგრესიის გამოვლინება – ამის გამო, ბავშვებს ხშირად საყვედურობენ,  თუმცა ეს მათი ბრალი სულაც არ არის. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ არასრულწლოვნები ასე უმეტესად ოჯახური ძალადობის შემდეგ იქცევიან.

“არის შემთხვევები რომ ბავშვი უშუალოდ არ არის მშობლებისგან ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ის შეესწრო მაგალითად, მშობლების კონფლიქტს ბოლო პერიოდში. შესაძლოა არც იყოს ფიზიკური ძალადობა ერთმანეთის მიმართ, მაგრამ იყო მუდმივად ხმამაღალი საუბარი, კამათი, კონფლიქტი… ბავშვი ამის გამო განიცდის იმხელა სტრესს, რომ თავის ფუნქცია აქვს დაკარგული სკოლაში. ვეღარც სწავლობს, ვეღარც მეცადინეობს, მასწავლებლებთან ურთიერთობას ვეღარ ალაგებს, გარშემომყოფების მიმართ მუდმივად გაღიზიანებულია, ჩამორჩება აკადემიური მოსწრებით, დაბალი ნიშნები აქვს” – ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი ელენე მარტაშვილი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ოჯახური ძალადობის დროს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად თანმიმდევრულ ნაბიჯებს არ დგამს, ამიტომ ხშირად არასრულწლოვნები ყურადღების მიღმა რჩებიან.

“სახელმწიფომ უნდა შექმნას სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ღირებულების დონეზე მკაფიოდ იტყვის – რა არის აუცილებელი ბაშვებისთვის და რომელი უწყება როგორ იქცევა, იმისთვის, რომ საერთო ღირებულება ჩამოყალიბდეს ბავშვების დაცვისთვის და განვითარებისთვის. ასევე, აუცილებელია ფორმალური განათლების სისტემაში არასრულწლოვნების გაცილებით ძლიერი ინფორმირება, როგორ დაიცვან თავი ძალადობისგან. მნიშვნელოვანია, სქესობრივი განათლება – რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ბავშვების ინფორმირება” – ამბობს უფლებადამცველი, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი იანა აბაშიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა გასულ წელთან შედარებით მოიმატა და სამართალდამცველებმა 10 321 შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 10 266 იყო. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით 2020 წელს უწყებაში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის 1818 შეტყობინება შევიდა. 73 ბავშვი კი ოჯახისგან განაცალკევეს. 2019 წელს ძალადობის თაობაზე შეტყობინებების როდენობა 1624-ს შეადგენდა, 93 არასრულწლოვანი კი ოჯახს გაარიდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონმდებლობა, ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს.

“როცა დანაშაულის შესახებ შემოდის შეტყობინება ან განცხადება, იწყება გამოძიება. ხდება რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუკი ძალადობის კონკრეტული ფაქტი არ მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე, იმისთვის რომ მოვახდინოთ მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 30 დღემდე ვადით. ასევე, შემაკავებელ ორდერთან ერთად, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ეფექტიანი მექანიზმი, როგორიც არის ელექტრონული სამაჯური, იგივე ელექტრონული ზედამხედველობა”, – ამბობს შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ანა ფაჩუაშვილი.

არასრულწლოვნის უფლება მხოლოდ ის არ არის, რომ არ სცემდნენ. ბავშვის უფლებაა მისი ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი. ბავშვის უფლებაა იყოს ბედნიერი.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ბავშვიბავშვი