მთავარისაქართველო"მსუბუქი გვერდითი მოვლენა შესაძლოა, მიწის თხილს უფრო მეტი ჰქონდეს" - მარინა ენდელაძე

“მსუბუქი გვერდითი მოვლენა შესაძლოა, მიწის თხილს უფრო მეტი ჰქონდეს” – მარინა ენდელაძე

უამრავი კამერის ობიექტივში 73 წლის თამარ გიორგაძე ჩანს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს.  ის საქართველოში ვაქცინის მისაღებად ყველაზე ადრე დარეგისტრირდა და  დღეს, 15 მარტს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთ-ერთი პირველი სწორედ იგი აიცრა. თამარ გიორგაძე 40 წელზე მეტია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებით პანდემიის დასასრულებლად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და იმავეს ურჩევს სხვებსაც.

„გავიგეთ, რომ ვაქცინა ჩამოდიოდა და ვაქცინაცია იწყებოდა, მე თავიდანვე გამოვთქვი სურვილი, რომ პირველი ავცრილიყავი, მინდოდა, მაგალითი მიმეცა ჩემი კოლეგებისთვის.  ვაქცინაცია აუცილებელია იმიტომ, რომ ხალხში ვცხოვრობ, საზოგადოებაში ვარ და ყოველ წამს შეიძლება, რომ დავინფიცირდე“, – ამბობს თამარ გიორგაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.


თამარ გიორგაძესთან ერთად საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ და ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა მარინა ენდელაძემ და მარინა ეზუგბაიამ გაიკეთეს. სამივე მათგანი ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

ვაქცინაცია საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე “ასტრაზენეკას” ვაქცინით იცრება

[br]„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე

მარინა ენდელაძე
მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი იკეთებს “ასტრაზენეკას” ვაქცინას/ Copyright Euronews Georgia

[br]„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმოადგინა დასკვნები, რომ „ასტრაზენეკა“ ისეთივე უსაფრთხო და მაღალხარისხიანია, როგორიც „ფაიზერი“ და დანარჩენი ვაქცინები“,  – აღნიშნავს მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

მარინა ენდელაძე
მარინა ენდელაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი იცრება “ასტრაზენეკას” ვაქცინით/ Copyright Euronews Georgia

[br]„უნდა ავიცრათ, ვაქცინა არ ვნებს. მსუბუქი გვერდითი მოვლენა შესაძლოა, მიწის თხილს უფრო მეტი ჰქონდეს, ვიდრე ვაქცინას“, – ამბობს მარინა ენდელაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

საქართველოში წლის ბოლომდე სრულწლოვანი მოსახლეობის  65%-ის აცრაა დაგეგმილი, რასაც დაახლოებით ვაქცინის 3 მილიონ 400 000 დოზა დასჭირდება. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, „კოვაქსის“ პლატფორის  დახმარებით საქართველო მილიონ 400 ათას დოზას მიიღებს. ვაქცინის დანარჩენი ნაწილი კი ქვეყანამ სხვა გზებით უნდა მოიპოვოს.

ვაქცინაცია საქართველოში

[br]„ვაქცინაციის დაწყება ძალიან კარგია, თუმცა მთავარი დამთავრებაა. ჩვენ წლის ბოლომდე უნდა ავცრათ 1 700 000 ათასამდე ადამიანი. თუ ამ გეგმას შევასრულებთ, მაშინ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსის დადასტურებიდან 120 დღის განმავლობაში მას  ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კოვიდ-19 29 დეკემბერს დაუდასტურდა, შესაბამისად, მას ვაქცინის გაკეთება 27 აპრილის შემდეგ შეეძლება. ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ კამერების თანდასწრებით გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინას, რომელიც იმ დროისთვის იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი.

თუმცა მანამდე საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებული შეზღუდვები იხსნება. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება და იმ შემთხვევაში, თუ მარტსა და აპრილში ინფიცირების შემთხვევები არ მოიმატებს, საქართველო კოვიდ-19-ის მესამე ტალღას გადაურჩება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend