ლიონში ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერები კორონავირუსის უნივერსალური ვაქცინის შექმნას ცდილობენ. ვირუსის მუდმივი მუტაციისა და ახალი შტამების გაჩენის გამო ამის საჭიროება მართლაც არსებობს. მეცნიერები აქამდე გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნას ცდილობდნენ. საწყისი ცდები იმედისმომცემი იყო. ახლა ისინი იმავე მეთოდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის იყენებენ.
კორონავირუსის სხვადასხვა ვაქცინა ვირუსის სხვადასხვა ნაწილზე რეაგირებს. ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმი ანტისხეულებს ვირუსის ზედაპირთან ურთიეთქმედების შედეგად გამოყოფს. ახალი ვაქცინა კი მოქმედებს ნუკლეოკაპსიდის ცილაზე, რომელიც მუტაციას იშვიათად განიცდის ხოლმე.
„ანტისხეულები ვერ აღწევენ ვირუსის შიდა ნაწილში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ორგანიზმმა უჯრედული იმუნიტეტი გამოიმუშავოს“, – ამბობს მკვლევარი დელფინ გუიონ-გელინი.
კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის გამოცდას ერთ წელიწადში დაიწყებს. ამჟამად ცდები მხოლოდ ცხოველებზე მიმდინარეობს. საფრანგეთის საჯარო ინვესტიციის ბანკმა და ევროკომისიამ კვლევის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც უნივერსალური ვაქცინის შექმნას ცდილობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიასა და კანადაში ათამდე ლაბორატორია იმავე მიზნის მიღწევას ცდილობს. საინტერესოა, იმუშავებს თუ არა ეს ვაქცინა ყველანაირი მუტაციის წინააღმდეგ.
„რა თქმა უნდა, რთულია, გრძელვადიან პერიოდში იწინასწარმეტყველო ვირუსის ევოლუცია. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, შეიქმნას ისეთი ვაქცინა, რომელიც ახალი შტამების წინააღმდეგ იმუშავებს და წლების განმავლობაში ეფექტიანი იქნება“, – აცხადებს „ფილექს ბიოსაიენსის“ აღმასრულებელი დირექტორი პასკალ ბრენდისი.
სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ახალი, უფრო სახიფათო შტამების გაჩენის საფრთხე დიდია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანი არ უფრთხილდება ბუნებრივ გარემოს. მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, ინვესტიცია ჩადონ იმ კვლევებში, რომლებიც უნივერსალური ვაქცინის შექმნას ემსახურება, რათა მსოფლიო მომავალი პანდემიისთვის იყოს მზად. თუმცა, მათი აზრით, ეს მარტივი არ იქნება.
მსოფლიო უნივერსალური ვაქცინის ძიების რბოლაშია ჩართული. თუმცა ასეთი ვაქცინის დამზადებას შეიძლება, წლები დასჭირდეს. კრიზისში მყოფ სახელმწიფოებს კი ლოდინის ფუფუნება არ აქვთ.