საფრანგეთის სამეფო ოჯახის ყოფილ ტყეში ორასწლოვან მუხებს ჭრიან. ამ ხეებს რესტავრატორები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ახალი შპილის დასამზადებლად გამოიყენებენ. ტაძარს ხანძარი 2019 წლის აპრილში გაუჩნდა, რამაც შენობა ძლიერ დააზიანა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის ცნობილი შპილი, რომელიც 93 მეტრი სიმაღლის იყო. მის აღსადგენად საჭირო მასალის საპოვნელად საფრანგეთის უწყებებმა ათასამდე მუხა შეისწავლეს და საბოლოოდ არჩევანი სწორედ ამ მუხებზე გააკეთეს.
„ჩვენ ვნახეთ კათედრალის გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რაში გამოიყენებდნენ ამ ხეებს. მათ მასალა ტაძრის გასამაგრებლად სჭირდებათ. თავიდან არ გვეუბნებოდნენ არაფერს. ძალიან გვაინტერესებდა, თუ რისთვის სჭირდებოდათ ხეები.“ – ამბობს მეტყევე დენიელ პიშონი.
ხეები ასობით წლის წინ დაირგო. მათ გემების ასაშენებელ მასალად იყენებდნენ. ბევრი მათგანი ერთი მეტრი დიამეტრის და თვრამეტი მეტრი სიმაღლისაა.
„ხის მოჭრის პროცესმა კარგად ჩაიარა. ხე კარგ მდგომარეობაშია, იგი არ გახლეჩილა. მისი ბოჭკოები მწყობრშია. ხე ამწუთას გავზომეთ და იგი ზუსტად შეესაბამება მოთხოვნებს. ახლა მხოლოდ შპილის გამოთლაღა დარჩა.“ – აცხადებს მეტყევეობის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი ენტონი ჟენო.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა 2024 წელს დასრულდება. კრიტიკოსთა აზრით კი, რესტავრაციას უფრო მეტი დრო დასჭირდება.