მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში აზარტული თამაშების რეკლამა იზღუდება

ესპანეთში აზარტული თამაშების რეკლამა იზღუდება

პანდემიის პერიოდში ესპანეთში აზარტული თამაშები ბევრად უფრო პოპულარული გახდა. ლუდომანიასთან საბრძოლველად ესპანეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები დაამტკიცა. ახალი კანონმდებლობით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსება ეზღუდებათ. ლუდომანიასთან ბრძოლის ფედერაციის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა საკმარისად მკაცრი არ არის.

დეივიდი აზარტული თამაშებით პირველად 17 წლის ასაკში დაინტერესდა და მალევე მათზე დამოკიდებული გახდა. მას ერთჯერადად სამი ათასი ევროც კი წაუგია. დეივიდმა ერთი წელი სარეაბილიტაციო ცენტრშიც გაატარა.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხელფასის აღებიდან მეორე დღეს უკვე ყველაფერი დახარჯული მქონდა. არ მქონდა ფული საკვებისთვის, ბენზინისა და ტრანსპორტისთვის. დგება დრო, როცა ხვდები, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.“ – ამბობს დეივიდი.

კვლევების თანახმად, ონლაინ აზარტული თამაშების მომხმარებელთა უმეტესობა 15-34 წლისაა. ესპანეთში გამოცხადებული კარანტინის ფონზე აზარტული თამაშების კომპანიებს შემოსავალი 20 პროცენტით გაეზარდათ.

„აზარტული თამაშები ხელმისაწვდომია კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონებში. მათი მოხმარების სიმარტივისა და მუდმივი სარეკლამო კამპანიების გამო მათი პოპულარობა გაიზარდა“, – აცხადებს ფსიქოლოგი პაბლო ლამა.

 

ესპანეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონმდებლობის მიხედვით, აზარტული თამაშების კომპანიებს ტელევიზიასა და რადიოში რეკლამის გაშვების უფლება მხოლოდ დღის პირველი საათიდან ხუთ საათამდე აქვთ. მათ ასევე ეკრძალებათ სპორტსმენების მაისურებზე რეკლამის განთავსება.

თუმცა კანონი ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულამდე არ შევა. ლუდომანიასთან ბრძოლის ფედერაციის აზრით, ეს კანონმდებლობა საკმარისად მკაცრი არ არის.

„კანონმდებლობა არ შეიცავს პრევენციასა და დაზარალებულების დახმარების გეგმას. კანონი ასევე არ ითვალისწინებს პათოლოგიური ლუდომანიის მკურნალობას.“ – აცხადებს ლუდომანიასთან ბრძოლის ფედერაციის წარმომადგენელი მაქსიმო გუტიერესი.

პანდემიის პერიოდში აზარტული თამაშებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. ესპანეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ ახალი კანონმდებლობით ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend