„ნამახვანი ჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ახალი კვლევის ჩატარებამდე ჩერდება. შეიქმნება ხეობის 5 მილიონიანი ფონდი და „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობის დამოუკიდებელი საბჭო. ჰესის სამშენებლო სამუსაოებს კი ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 10 მარტს ქუთაისში რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა. თუმცა მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხევდითაც ჰესის მშენებლობა გრძელდება, დროებით ჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები.
„განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია . კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები“,- ნათქვამია განცხადებაში.
ეკონომიკის მინისტრმა რიონის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრაზე რამდენიმე ინიციატივა გაასაჯაროვა. ნათია თურნავას მიხედვით, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართული მხარის მოთხოვნით ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო.
ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი ადგილზე გაუძღვება სამშენებლო სამუშაოებს და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
„ასევე შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას. ის ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.