საქართველოში ქალებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად უფლებადამცველები წლებია მუშაობენ. თუმცა ჯერ კიდევ მრავლად არიან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალები. ისინი ბარიერებს აწყდებიან ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში. მათ უფლებებს კანონი იცავს, თუმცა კანონის აღსრულებამდე მიმავალი გზა ზოგჯერ ძალიან რთულია. დღეს გიამბობთ იმ უფლებადამცველ ქალებზე, რომლებიც წლებია იცავენ სხვების უფლებებს, თუმცა თავადაც ყოფილან დისკრიმინაციის მსხვერპლი.
თითქმის 2 წელია ათინა ცდილობს ქალებს მათი უფლებების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ფიქრობს, რომ საქართველოში, ქალებისათვის ჯერ კიდევ არ არსებობს თანასწორი გარემო.
“ძალიან ხშირად ქალებს გვაქვს თანდაყოლილი შიშები და ეს შიშები გვაქვს ზუსტად იმიტომ, რომ ვართ ქალები. მაგალითად, შესაძლოა ტაქსით ვმგზავრობდეთ და ოდნავ სხვა გზით წაგვიყვანოს მძღოლმა, ამ დროს შიში გვიჩნდება. შეიძლება მიწისქვეშა გადასასვლელში გადავდიოდეთ და ძალიან დაძაბულები ვიყოთ, ხელში მობილური გვეკაოს და თუ რაიმე პრობლემა შეგვექმნება, მაშინვე დავურეკოთ ახლობელს. არის შიშები, რასთან ერთადაც მუდმივად გვიწევს ცხოვრება და ეს კაცებისთვის უცხოა, იმიტომ, რომ იმავე საშიშროების წინაშე ძალიან იშვიათად დგანან ისინი” – ამბობს 24 წლის ათინა ბრეგვაძე, რომელმაც ქალების ინფორმირებისთვის ციფრული პლატფორმა შექმნა.
ელენე რუსეცკაიას, რომელიც ქალების უფლებებს 23 წლის ასაკიდან იცავს, საკუთარ თავზე გამოუცდია, რას ნიშნავს დისკრიმინაცია, მაგალითად სამსახურში.
“როდესაც ზიხარ გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდასთან, სადაც უმრავლესობა კაცია, ქალი უმცირესობაში ხარ. ამ დროს კაცები მუდმივად გაწყვეტინებენ საუბარს და ცდილობენ, რომ სიტყვაც არ გათქმევინონ. ეს შესაძლოა არის გაუაზრებელი ტაქტიკა, მაგრამ ეს არის ძალიან დამამცირებელი, და იცით როგორი მომენტია? – თითქოს შენი ადგილი აქ არ არის” – ამბობს “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.
ის ფიქრობს, რომ ქალების ხმა ჯერ კიდევ სათანადოდ არ ისმის საქართველოში.
“ქალების გამოცდილება, რომელთა ხმაც დღეს საერთოდ არ ისმის, უნდა იყოს გაზიარებული ქვეყნის პოლიტიკაში. განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ქალების, რომელთაც ყოველდღიურად გაუსაძლისი შრომა უწევთ და აქვთ უამრავი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ მიდის გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. წარმოუდგენელია, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს მიმართული თანასწორობისკენ და ადამიანების კეთილდღეობისკენ ქალების გარეშე, ამიტომაც არის ქალის ხმა გადამწყვეტი” – ამბობს ელენე რუსეცკაია.
ზოგიერთი ქალისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა ქორწინების პარალელურად წარმატებული პროფესიული საქმიანობა.
“მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ეს ცხოვრება არ არის კინო და ცხოვრება ქორწილით არ მთავრდება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თუ უნივერსიტეტი დაამთავრა, იმ სპეციალობით არ უნდა იმუშაოს ან სამეცნიერო ლიტერატურა არ უნდა იკითხოს. დიდად შეუწყობს ხელს თანასწორობას ოჯახებში ქალსა და კაცზე შრომის განაწილება” – ამბობს ფონდ “ტასოს” ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი.
მარინა თაბუკაშვილი, რომელიც ქალთა უფლებებზე ათწლეულებია მუშაობს ფიქრობს, რომ მის ბრძოლას უამრავი დადებითი შედეგიც მოჰყოლია.
“მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ და იმ ადგილზეც კი არ ვყოფილვარ, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს, და სწორედ იქ დაგვინახავს ჩვენი მუშაობის შედეგი” – ამბობს მარინა თაბუკაშვილი.
ათინა კი განაგრძობს შრომას და ბრძოლას. მისი მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია…
“ჩემი და ჩემი თაობის მთავარი მიზანია, რომ ათეულობით წლის წინ დაწყებული ქართველი ქალების ბრძოლა გავაგძრელოთ და დღეს, საქართველოში ქალებს შევუქმნათ თავისუფალი და თანასწორი გარემო” – ათინა ბრეგვაძე.
ნანუკა მეშველაშვილი