მთავარისაქართველოჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღი ცხოვრების წესი

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას არაჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში, ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად საკმარისად არ არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ნაწილს, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. იმისათვის, რომ სრულფასოვნად დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპეციალისტები გვირჩევენ, უფრო ხშირად მივირთვათ ხილი და ბოსტნეული, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე და ვივარჯიშოთ.

საქართველოში, ახალგაზრდებმა იციან, რომ ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ბევრი მათგანი ცდილობს სპეციალისტების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებას. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს სხვადასხვა მიზეზის გამო არ ან ვერ იცავს.


გამოკითხვისას ევრონიუს ჯორჯიასთან  ხალხმა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა:

“საქართველოში ჯერ ჯანსაღი საკვები არ არის დამკვიდრებული. ქართველები ოდითგანვე მიჩვეული ვართ ჭარბ და ცხიმიან საჭმელებს. ამიტომ ჯანსაღად კვება რთულია.”

“მე ზარმაცი ვარ და მეზარება დილით ადრე ადგომა, ვარჯიში და მსგავსი რაღაცები. თან დროც არ მაქვს.”

“რამდენიმე წელია ვცდილობ, რომ სწორად ვიკვებო. საკმაოდ რთულია, მარტივი არ არის, მაგრამ ფიზიკურად აქტიური ვარ.”

“ვვარჯიშობ და ვიკვებები სწორად. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი და ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რომ ვარჯიშთან ერთად მნიშვნელოვანია სწორი კვება.”

ჯანსაღი ცხოვრების წესი
ენდოკრინოლოგი თამუნა ზერეკიძე

ენდოკრინოლოგი, თამუნა ზერეკიძე, ამბობს, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღე, ყოველდღიური კვების რაციონზე დიდად არის დამოკიდებული. მისი თქმით, ჯანსაღი კვება მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიღებას არ გულისხმობს.

“ეს არის მრავალფეროვანი და სრულფასოვანი კვება, რისგანაც ჩვენ ვიღებთ ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. ვინაიდან არ არსებობს ერთი კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ყველა ნივთიერებას შეიცავს და ავსებს ჩვენს მოთხოვნილებას, ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მრავალფეროვანი საკვები მივიღოთ.”

ჯანსაღი ცხოვრების წესი
პირადი ინსტრუქტორი ლაშა მელიშვილი/ ფოტო ირაკლი შალამბერიძე

ლაშა მელიშვილი სპორტის პირადი ინსტრუქტორია. იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში სავარჯიშო დარბაზები დახურულია, ის მოხალისეებს ღია სივრცეში ავარჯიშებს. ფიქრობს, რომ ფიზიკური დატვირთვა სხეულის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა, როცა საზოგადოების უმეტესი ნაწილი სახლიდან მუშაობს.

“როცა უმოქმედოდ არის ადამიანი, ეს ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია, რადგან სისხლის მიმოქცევა შენელებულია. როცა ჩვენ ვვარჯიშობთ, ორგანიზმი ჯანსაღდება. ესე რომ ვთქვათ, სიბერეს ვებრძვით.”

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ ჯანსაღი კვება და ვარჯიში ჩვევად ჩამოგვიყალიბდეს, უმჯობესი იქნება თუ მეგობრები და ოჯახის წევრები დაგვეხმარებიან. ასე უფრო მეტ შემართებას ვიგძნობთ და ბევრად მარტივად შევძლებთ, ძველი ჩვევების ახლით ჩანაცვლებას.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend