11 მარტის მდგომარეობით, 325 მილიონმა ადამიანმა უკვე გაიკეთა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინაცია დაწყებულია 121 ქვეყანაში და დღეში საშუალოდ 8 მილიონი აცრა კეთდება.
საგრძნობლად მოიმატა ვაქცინაციის რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის პლატფორმა „კოვაქსის“ დახმარებით მიიღეს. პირველი ორი ქვეყანა განა და კოტ-დ’ივუარი იყო.
„კოვაქსის“ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 2 მილიარდი დოზა უნდა გაიგზავნოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაისის ბოლომდე 142 ქვეყანაში ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შეიტანენ.
„კოვაქსის“ პლატფორმაზე წარმოდგენილია 190 ქვეყანა, რომელთაგან 92 ე.წ. AMC ჯგუფში შედის, ამ ქვეყნებს ყველაზე ადრე და უფასოდ მიაწვდიან ვაქცინას. დანარჩენი ქვეყნები კი SFP ჯგუფშია გაერთიანებული, ისინი პრეპარატს თვითდაფინანსებით შეიძენენ.
„კოვაქსის“ დახმარებით ვაქცინა უკვე მიიღო აფრიკის 21-მა ქვეყანამ, აზიის კონტინენტის 4-მა ქვეყანამ, ხოლო ევროპაში კოვაქსის დახმარებით ვაქცინა ჯერჯერობით მხოლოდ მოლდოვას გაეგზავნა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, საქართველოში ვაქცინა 13 მარტს შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანა პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.