აშშ-ის კონგრესმა ეკონომიკური დახმარების პაკეტი- “ამერიკის გადარჩენის გეგმა” დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში პანდემიის დასაძლევად 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს. ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი მიღწევაა. პროექტს არცერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. მათი აზრით, “ამერიკის გადარჩენის გეგმა” მხოლოდ ფულის ფლანგვაა. დემოკრატები კი პროექტს უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევენ.
“ამ კენჭისყრაზე კანონპროექტი დამტკიცებულია, კანონპროექტს 220-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 110 კი წინააღმდეგი იყო“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.
ჯო ბაიდენი ამას ამერიკელი ხალხის გამარჯვებას უწოდებს. კოვიდის წინააღმდეგ შემუშავებული მისი გეგმა, რომელიც 1.9 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს, კონგრესმა დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა რესპუბლიკელმა მას მხარი არ დაუჭირა.
დემოკრატები ფიქრობენ, რომ ეს უდიდესი გამარჯვებაა, რესპუბლიკელთა აზრით, კი ამ პროექტის დამტკიცებას ფულის ფლანგვა მოჰყვება.
„ეკონომიკა ნელ-ნელა აღდგება, ხალხი კი ვაქცინას იღებს. ამ კრიზისიდან გამოსავალი უკვე ნაპოვნია. მალე ქვეყანა საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს 1.9 ტრილიონ დოლართან“, – განაცხადა რესპუბლიკელთა პარტიის წარმომადგენელმა, მიტჩ მაკკონელმა.
ეს პროექტი ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის მხოლოდ 50-ე დღეს გაატარა.
“ამერიკის გადარჩენის გეგმის ყველა დეტალი ხალხის რეალურ საჭიროებებს ეხება, ინვესიტიცებიდან დაწყებული კოვიდის ვაქცინით დასრულებული. ქვეყანას სჭირდება მეტი ვაქცინა, კიდევ უფრო მეტი ვაქცინის შემომტანი და ის ადგილები, სადაც ხალხი აცრას შეძლებს. მილიონობით ამერიკელი გაივლის ტესტირებას, სახლშიც კი. სკოლებს კი მალე დაფინანსება და იმის რესურსი გამოუჩნდებათ, რომ მალე გაიხსნან“, – ამბობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
პანდემიის გამო ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია, დიდი დეპრესიის შემდეგ, ახლა აშშ-ში უმუშევართა რეკორდული რაოდენობაა. გარდა ვაქცინის დაფინანსებისა, „ამერიკის გადარჩენის გეგმა“ ერთჯერად დახმარებებსაც მოიცავს, რომელიც 1400 დოლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, უმუშევარ მოქალაქეებს მთავრობა ყოველთვიურად 300 დოლარით დაეხმარება.