მთავარისაქართველომზადება არჩევნებისთვის

მზადება არჩევნებისთვის

“ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება, პარტიის ოფისში გამართული სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ქალაქების მერებისა და თვითმმართველი მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისთვის, კანდიდატებთან კონსულტაციებიც დაწყებულია. პოლიტსაბჭოს წევრების თქმით, გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.


„დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,“- განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა.

მმართველი პარტიის ოფისში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, როსტომ მეფის სასახლესთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტია „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთისა და მოძრაობა „საქართველოს” წევრები აქციას შეძახილით – „მონებო“ მართავდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და „ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების ირგვლივ დაწყებული გამოძიების ფორმულირებას აპროტესტებდნენ.

„მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, აქტიური მოქალაქეები, რომლებიც პროტესტით დაიღალნენ. ხმის ამომღები ბევრი აღარ დარჩა. აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენნაირ მოქალაქეებს მუხტი მივცეთ და „ქართულ ოცნებას“ ხალხის ხმა გავაგონოთ. ეს რეჟიმი დასრულებულია, უბრალოდ ამას გაფორმება უნდა,“ – განაცხადა აქციის მონაწილე რამაზ აივაზაშვილმა.

დემონსტრენტებსა და პოლიციას შორის დაპირპისპირება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა, დაკავებების შემდეგ დასრულდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend