მთავარი ამბები სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გენშტაბის უფროსი გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გენშტაბის უფროსი გაათავისუფლა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, დღეიდან, 10 მარტიდან კანონის ძალით ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ფაშინიანის თანახმად, მისი გადაწყვეტილება გასპარიანის გათავისუფლების შესახებ ძალაში შევიდა, რადგან სომხეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის შესაბამის განკარგულებას და დადგენილ ვადაში არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების კონკრეტული, ბოლო ვადა არ არსებობს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი. ხაჩატრიანი აკრიტიკებდა ფაშინიანის განცხადებას რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გენერალური შტაბის მოთხოვნას მიესალმა 17 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა”, რომელიც ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანთან დამარცხების გამო და მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
Send this to a friend