მთავარი საქართველო თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროსა და ღამის კლუბებს მილიონი ლარით დაეხმარება

თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროსა და ღამის კლუბებს მილიონი ლარით დაეხმარება

თბილისის მერია პანდემიით დაზარალებულ ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-ზე მეტ მოქალაქესა და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას დაეხმარება. დახმარების პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 10 მარტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ეკონომიკური დახმარების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ღამის ეკონომიკის პროექტში ჩართული მოქალაქეები და ორგანიზაციები ისარგებლებენ.

“არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ, მუნიციპალიტეტი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელშეწყობა გამოვუცხადოთ. რამდენიმე დღის წინ, მცირე და საშუალო ბიზნესის თანადგომისთვის, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, შევიმუშავეთ დახმარების პაკეტი, რომლითაც რესტორნები და კაფეები ისარგებლებენ. ეს მნიშვნელოვანია ამ რთულ ვითარებაში, რომ მათ მომავალში ჩვეულებრივად შეძლონ ფუნქციონირება. პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება – ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც პანდემიის გამო, ყველაზე პირველი გაჩერდა, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, ელექტრონული მუსიკის სფეროს და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს დიდი წვლილი მიუძღვის ღამის ეკონომიკის განვითარებაში. ამ დარგმა საქართველოს დედაქალაქს სახელი საერთაშორისო დონეზე გაუთქვა.

“იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო არსებული პრობლემის მოგვარებაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

უახლესი

სხვა ამბები