მთავარისაქართველოსატელეფონო ჩანაწერების პოლიტიკური განხილვა

სატელეფონო ჩანაწერების პოლიტიკური განხილვა

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერები, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში მოექცა. საკითხით, საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მასალის სრულად შესწავლისთვის, გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებით – „გამოძიება არა ჟურნალისტურ საქმიანობაზე, არამედ ჩანაწერების ავთენტურობასა და მისი მოპოვების კანონიერებაზე“ ჩატარდება. პროკურატურის განცხადებამდე, საგამოძიებო მოქმედებების დაწყება ხელისუფლებას, საპარლამენტო ოპოზიციამაც მოთხოვა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.


,,გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების საკითხი შეაფასეს პარლამენტს მიღმა მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათი თქმით – „ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის გამოძიებას აპირებს“, რაც ცინიკურია და ჭეშმარიტების დადგენასთან საერთო არაფერი აქვს.

„გაცხადდა, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამ ფარული ჩანაწერების შემდეგ, საზოგადოებას ის უფრო აინტერესებს, ქვეყანას ყავს თუ არა ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სავარაუდო დანაშაულებებს სჩადის. არა ის, როგორ მოხდა ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება“ ,- თქვა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

გამოძიების დაწყებით, პროკურატურა ყველა კითხვას გაცემს პასუხს. ამბობენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის დეპუტატები ფიქრობენ, რომ ჩანაწერები ძველია და საზოგადოებაზე ეფექტის მოხდენისთვის დამონტაჟებულია. სახელისუფლებო პარტია, ჩანაწერებს ფალსიფიცირებულს უწოდებს.

„გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის შინაარსობრივსაც, თუ როდის არის ჩაწერილი, რა თემას ეხება, რა ნაწილში არის თუ არა ფალსიცირებული და ასე შემდეგ. გამოძიება ასევე გაარკვევს, როგორ არის მოპოვებული ეს ჩანაწერები. ასე რომ დაველოდოთ გამოძიებას“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი.

„ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. პროკურატურის განმარტებით, საზოგადოება გამოძიების მსვლელობის შესახებ თანმიმდევრულად გაიგებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend