მთავარი საქართველო გაეროს კვლევის მიხედვით, პანდემიამ მამაკაცებზე მეტად ქალები დააზარალა

გაეროს კვლევის მიხედვით, პანდემიამ მამაკაცებზე მეტად ქალები დააზარალა

გაეროს კვლევის მიხედვით, პანდემიამ მამაკაცებზე მეტად ქალები დააზარალა. გამოქვეყნებულ ანგარიშში თავმოყრილია 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები პანდემიის ზეგავლენის შესახებ საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და კაცებზე. ეს შედეგები შედარებულია 2020 წლის მაისში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის მიგნებებთან. გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის ევრონიუს ჯორჯიას ჟურნალისტი თორნიკე კოპლატაძე გაესაუბრა.

თორნიკე კოპლატაძე, ევრონიუს ჯორჯია

“რატომ არის ქალთა საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი მთელ მსოფლიოში, და რა ძირითად გამოწვევებს ხვდებიან ქალები ამ ქალთა დღეს?”

საბინე მახლი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

“ძალიან მომწონს ქალთა საერთაშორისო დღე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მნიშვნელოვანია დავაფასოთ ქალების მიღწევები, საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ამავდროულად უნდა შევხედოთ იმ გამოწვევებს, რასაც ქალები დღემდე ხვდებიან. სამწუხაროდ, არის რამდენიმე სფერო, სადაც გენდერული თანასწორობის პრობლემა არსებობს. რვა მარტი ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიამ მსოფლიო შეცვალა, შეგვიძლია გენდერული თანასწორობის საკითხები უკეთ დავინახოთ – ის, რომ ქალებსა და კაცებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ, იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან. ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში, გენდერული თანასწორობის მიმართულებით ბევრს მუშაობს. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩვენს ახალ ხუთწლიან სამუშაო გეგმაში, რომლის განხოევიელებაც წლევანდელი წლის იანვარში დაიწყო.”

თორნიკე კოპლატაძე, ევრონიუს ჯორჯია

“გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა კვლევა სახელწოდებით „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება“. წელს ამ კვლევის მეორე ეტაპი ჩატარდა. რით განსვავდებოდა ამ ორი კვლევის შედეგები, რა იყო მთავარი მიგნებები?”

საბინე მახლი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

“მართალია. უკვე გასული წლის მაისში, ჩვენმა კოლეგებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან ჩაატარეს ასეთი კვლევა, ახლა კი, ჩვენ ახალი კვლევის მეორე ეტაპს ვაქვეყნებთ, რომელზეც გაეროს სამ ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობდით. ეს არის – გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი. კვლევას, რომელიც საქართველოზეა ორიენტირებული, ასევე მხარს უჭერდნენ შვედეთი და ნორვეგია. მიმაჩნია, რომ აქ ორი მთავარი საკითხია. ერთი მხრივ, ქალები ფრონტის წინა ხაზზე არიან კოვიდთან ბრძოლაში. ისინი ექიმებად და ექთანებად მუშაობენ. მეორე მხრივ, ნათელია, რომ პანდემიამ ქალები უფროდააზარალე ვიდრე მამაკაცები. მაგალითად, საქართველოში სამსახური უფრო ბევრმა ქალმა დაკარგა ვიდრე მამაკაცმა. დასაქმებული ქალების 20 პროცენტი დარჩა უმუშევარი, კაცებისა კი 15%.

სანამ პანდემია გავრცელდებოდა, ქალები მაშინაც უფრო მეტ დროს უთმობდნენ საშიანაო საქმეებსა და საზრუნავს ვიდრე მამაკაცები. კოვიდის დროს კი, ოჯახურმა საქმეებმა კიდევ უფრო მოიმატა, რადგან ახლა ყველა სახლშია, ბავშვებიც და მოხუცებიც, რომლებსაც მუდმივი ზრუნვა და მოვლა სჭირდებათ. ამიტომ, ჩემის აზრით, ქალებს პანდემია განსაკუთრებულად შეეხო. ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ უწევთ მოხუცების, ბავშვებისა თუ ავადმყოფების მოვლა. კვლევამაც სწორედ ეს აჩვენა – მძიმე და აუნაზღაურებელი შრომის პრობლემა. ასევე, როდესაც სამსახურის დაკარგვაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ქალები, რომლებიც არაფორმალურად მუშაობდნენ.

ასევე უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ მოიქცევიან ქალები კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში. ბევრი კარგი კანონის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი სტერიოტიპი, შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რა უნდა გააკეთოს, ან არ გააკეთოს ქალმა. რომელ სფეროში ჩაერთოს და რომელში არა. კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი ქალების ორი მესამედი საოჯახო საქმეებს მარტო უძღვება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს მოსახლების 33%, მათ შორის ქალების 38% და კაცების 27%, პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლის კომპენსაციას ჯანმრთელობაზე დახარჯული თანხის შემცირებით ახერხებს. უფრო მეტ ინფორმაციას კვლევიდან შეიტყობთ, მისი გამოქვეყნების შემდეგ.”

თორნიკე კოპლატაძე, ევრონიუს ჯორჯია

“შესაძლებელი, რომ პანდემიის ეს ნეგატიური გავლენა შემსუბუქდეს? რა უნდა გაითვალისწინონ თავად ქალებმა და ოჯახის წევრებმა? ასვე, დამსაქმებლებმა ან კანონმდებლებმა?”

საბინე მახლი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

“ჩემი აზრით ინფორმაციის მიღება პირველი ნაბიჯია, საქართველოში კი ამ მხრივ კარგი ვითარებაა, მოსახლეობა საკმაოდ ინფორმირებულია. ახლა საჭიროა ამ ცოდნის სწორი გამოყენება. მხოლოდ კანონპროექტების შემუშავება არ კმარა. საჭიროა ამ ცოდნის რეალობაში დანერგვა. სტერეოტიპები საკმაოდ რთული დასანგრევია. აუცილებელია ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, იქნება ეს განათლების სფერო თუ დასაქმება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქალისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობაა. ქალები იგივე სამუშაოს შესრულებისას ნაკლებ შემოსავალს იღებენ. ეს გლობალური პრობლემაა. წლების განმავლობაში, ყველა სფეროში კაცები დომინირებდნენ. ჩვენ შეგვიძლია ამ უსამართლობას ვებრძოლოთ – პირადი მაგალითით, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საუბრით… რვა მარტი კი შეგვიძლია ამ საკითხზე დასაფიქრებლად გამოვიყენოთ.”

თორნიკე კოპლატაძე, ევრონიუს ჯორჯია

“რაც შეეხება ოჯახური ძალადობას – მოიმატა თუ არა შემთხვევბმა პანდემიის დროს?”

საბინე მახლი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

“ეს ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამას ჩრდილოვან პანდემიას უწოდებს. ეს პანდემია კორონავირუსამდეც არსებობდა. გლობალური მასშტაბით სამიდან ერთი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. საუბარია ამ პრობლემის 30 % იან ზრდაზე. ოჯახური ძალადობა გაიზარდა საქართველოშიც. პანდემიის დროს მოსახლეობას უწევს, პატარა სივრცეში იყო ჩაკეტილი, რაც ძალადობის რისკებს ზრდის. რა თქმა უნდა ქალებსა და გოგოებზე ძალადობას ძალიან მძიმე შედეგები აქვს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ქალების წარმატებაზე, მათ როლზე პოლიტიკაში, ეკონომიკაში, თუ სოციალურ სფეროში მანამდე, სანამ ძალადობის ფაქტორი არსებობს. ამ პრობლემას ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ.”

თორნიკე კოპლატაძე, ევრონიუს ჯორჯია

“თქვენი აზრით, რა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევებია საქართველოში?”

საბინე მახლი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
“საქართველოში ძალიან ბევრი ფანტასტიკური, ნიჭიერი და ძალიან განათლებული ქალი გყავთ. ასეთი ქალები კი, საზოგადოებისთვის მისაბაძნი არიან. თუმცა არის საკითხები, როგორიცაა მაგალითად, სტერეოტიპები, სადაც სიფრთხილეა საჭირო. რა როლი ენიჭება ქალს თუ მამაკაცს, განსაკუთრებით როდესაც საქმე საოჯახო საქმიანობას ეხება? ვინ უვლის შვილებს? ვინ იღებს ხელფასს და ვინ არა? პროგრესისთვის საჭიროა, რომ ასეთ საკითხებში პასუხისმგებლობა ქალსა და მამაკაცს შორის გაზიარებული იყოს, როგორც სახლში ისე სამსახურში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალებს კარიერული წინსვლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ეს ის საკითხებია, რაზეც მუშაობაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, ამ პანდემიამ არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო გამოააშკარავა. მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, რომ პანდემიის დროს დანახული პრობლემები გამოვასწოროთ. ყველა მამაკაცისა და ქალისთვის, ყველამ ერთად შევქმნათ უფრო თანაბარი და მდგრადი საზოგადოება საქართველოში.”

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend