მთავარისაქართველოახალი ბრძოლა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ

ახალი ბრძოლა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ

კოვიდინფექციის დასრულების შემდეგ ზოგჯერ პაციენტებისთვის ახალი პრობლემები იწყება –  პოსტკოვიდ სინდრომი ზოგიერთისთვის ვირუსზე რთული გადასატანია. მოქალაქეები კორონავირუსით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს რიგ შემთხვევაში თვეების განმავლობაში ებრძვიან. ზოგი კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, ზოგი სახლში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგი კი ხელახალი გამოკვლევებისთვის საჭირო ხარჯებსაც ვერ ფარავს. საქართველოში პოსტკოვიდ სინდრომის კვლევა 9 მარტს დაიწყო. იმ პაციენტებიდან, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ 500 მოქალაქეს სხვადასხვა გამოკვლევას ჩაუტარებენ.


კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ნინი ბექაურისთვის ახალი ბრძოლა დაიწყო. კოვიდინფექციამ ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა, რის შემდეგაც სამედიცინო გამოკვლევები და ბევრი წამალი დასჭირდა.

“სამი თვის განმავლობაში მქონდა უძილობა. როცა ეს რუტინული ხდება, რა თქმა უნდა, ყველაფერზე აისახება. ეს ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ვირუსის შემდეგ თავიდან სისუსტე დამეწყო. ეს სისუსტე უძილობიდან გამომდინარე იყო. ჩვენს ოჯახში 4 ადამიანი ვიყავით ინფიცირებული. გამოკვლევები და მკურნალობა დაახლოებით, 2 000 ლარი დაგვიჯდა” – ამბობს ნინი ბექაური, რომელმაც კორონავირუსი ნოემბერში გადაიტანა.

კორონავირუსის დამარცხებით ზოგჯერ არ მთავრდება ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც ვირუსი იწვევს. ზოგიერთ პაციენტს კლინიკაში უკან, ხანგრძლივად სჭირდება დაბრუნება სამკურნალოდ.

“გვაკითხავენ პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ ან ამბულატორიული ზედამხედველობა ან სტაციონარული მკურნალობა. ჩივილები მრავალფეროვანია. კოვიდი გართულებებს გვაძლევს შემდგომ პერიოდში, როგორც სასუნთქი სისტემის მხრივ, ასევე გვაქვს ნევროლოგიური გართულებები. ასევე, ხშირია კარდიოლოგიური გართულებები. არის საშარდე სისტემის პრობლემები. გვაქვს პოლიორგანული უკმარისობის შემთხვევებიც, რა დროსაც პაციენტები სტაციონარში აგრძელებენ მკურნალობას” – ამბობს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი.

თუკი მოქალაქეები კერძო დაზღვევით არ სარგებლობენ, მათ გეგმიური გამოკვლევები კლინიკებში საკუთარი ხარჯებით უნდა დაფარონ. მაგალითად, გულმკერდის კომპიუტერული კვლევა, პაციენტებს 150-დან 200 ლარამდე უჯდებათ. ჯანდაცვის სამინისტროში არ აკეთებენ განმარტებას, რა შემთხვევში აფინანსებს სახელმწიფო კოვიდის შემდგომი გართულებებისას პაციენტების სამედიცინო მომსახურებას.

საქართველოში 9 მარტს დაიწყო იმ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, რომლებმაც კოვიდინფექცია გადაიტანეს. პაციენტებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ და დაადგენენ, როგორ იმოქმედა მათზე კორონავირუსმა. ეს კვლევები ინფექციურმა საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს.

“კვლევისთვის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული იქნა დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ინფიცირებული 500 პაციენტი. ეს მოქალაქეები ინფექციურმა საავადმყოფომ შეარჩია და მათ გაეგზავნებათ შესაბამისი მოსაწვევები, რის შემდეგაც ჩაუტარდებათ პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კლინიკებში ახლაც მკურნალობენ პაციენტები, რომლებისთვისაც კორონავირუსთან ბრძოლა ინფექციის დამარცხებით არ დასრულებულა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend