მთავარი ევროპა ვატიკანი რომის პაპის ვიზიტი ერაყში დასრულდა

რომის პაპის ვიზიტი ერაყში დასრულდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონიდან დაიწყო, კათოლიკური სამყაროს მეთაურს ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიური რეგიონის, ერაყის ქურდისტანის გუბერნატორი, რეგიონის პრემიერ-მინისტრი მასრურ ბარზანი, ირბილის აეროპორტში დახვდა. რომის პაპმა პირველად ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის შედეგად დანგრეული მოსული მოინახულა. პაპი ეწვია ქარაქოშის ქრისტიანთა თემს, 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შემდეგ ამ თემის მხოლოდ პატარა ნაწილი დაუბრუნდა მშობლიურ რეგიონს.

“დღეს ჩვენ ომში დაღუპულ ადამიანთა სულებისათვის ვლოცულობთ. აქ, ქალაქ მოსულში, ომის ტრაგიკული შედეგები ყველაზე თვალნათელია. გულდასაწყვეტია,რომ ცივილიზაციის ისეთი აკვანი,როგორც მსოფლიოს ეს ნაწილია ასეთი ბარბაროსული შეტევის სამიზნე გახდა. ათასობით ადამიანი, მუსლიმი და ქრისტიანი შეეწირა ტერორისტების ბოროტებას”,- ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.

 
პაპმა ფრანცისკემ ერაყელ ქრისტიანებს მოუწოდა იმედი არ დაკარგონ, ოფიციალურ ვატიკანს იმედი აქვს, რომ სირთულეების მიუხედავად ადგილობრივი ქრისტიანები ერაყს არ დატოვებენ. მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ მუსლიმ თანამოქალაქეებთან მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მიმართვის დასასრულს რომის პაპმა სიმბოლურად თეთრი მტრედი ააფრინა.

“მოსულისათვის რომის პაპის რანგის სტუმრი მოულოდნელია. ბევრი, მათ შორის პაპის თანამემამულეც, მოსულს უპატივცემულოდ უყურებს. პაპის ვიზიტი ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობებს წაადგება, მოსულმა ისლამური სახელმწიფოს ხელში მძიმე პერიოდი გამოიარა”, – თაბიტ ჰაბიბი მოსულის ეკლესიის მღვდელი.

ჯანდაცვის მკვლევარები, რომის პაპის ვიზიტამდე, კორონავირუსით გამოწვეულ რისკებზე საუბრობდნენ. რომის პაპი და დელეგაციის დიდი ნაწილი აიცრა, თუმცა ერაყში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ინფიცირებულია 700 ათასზე მეტი, ვირუსით კი 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

რომის პაპირომის პაპი