კომპანია “Wizz Air” საქართველოში რეგულარული ფრენების განახლებას ზაფხულამდე გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ Euronews Georgia-ს ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა შეზღუდვების შემსუბუქებაზეა დამოკიდებული.
“ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გვაძლევს ზოგიერთ ქვეყანასა თუ ქალაქში ფრენის უფლებას. ჩვენ განუწყვეტლივ ვაკვირდებით პროცესებს და როგორც კი შეზღუდვები შემსუბუქდება და ქართველ მგზავრებს სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემენ, ჩვენ ქუთაისიდან ფრენების განახლებას ვეცდებით. ” – ამბობს ანდრას რადო, კომპანია “Wizz Air”-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
Euronews Georgia-სთან საუბრისას კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით კომპანიას საქართველოს მთავრობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი ერთად ცდილობენ ფრენების განახლების გზის პოვნას. ანდრას რადომ კომპანია “Wizz Air Abu Dhabi”-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“აბუ დაბისა და საქართველოს შორის ფრენები განახლება ჩვენი დიდი სურვილია. ზუსტი თარიღის დაწესება, ამ ორ ქვეყანას შორის შეზღუდვების შემსუბუქებაზეა დამოკიდებული. თუ მგზავრს აბუ დაბიში ან საქართველოში შესვლის უფლებას არ მისცემენ, ფრენების განახლებას აზრი არ ექნება. არავის უნდა, რომ კარანტინში ორი კვირა გაატაროს ან რომელიმე ქვეყანაში დროებით ჩარჩეს. ეს ყველაფერი მოგზაურობას ძალიან რთულს გახდის. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვები მალე შემსუბუქდება და საქართველოდან ფრენები მალე განახლდება. ამ ეტაპზე კომპანია “Wizz Air Abu Dhabi”-ის საქართველოში შემოსვლის თარიღი უცნობია.” – ამბობს ანდრას რადო, კომპანია “Wizz Air”-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
კორონავირუსმა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე იქონია გავლენა. ამის შედეგად გაძვირდა ზოგიერთი პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულებაც. თუმცა როგორც კომპანია “Wizz Air”-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, კომპანია ბილეთების ღირებულებას არ გაზრდის.
ანანო ღუდუშაური