პანდემიამ ხანდაზმულების ცხოვრება შეცვალა. კოვიდინფექციის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ხანდაზმულები აღმოჩნდნენ. ახლა, ასაკოვანთა დიდი ნაწილი ხანგრძლივი კარანტინის პირობებში ცხოვრობს. ვირუსის გავრცელების პერიოდში ისინი სახლებში ჩაიკეტნენ და მათი ცხოვრება სულ უფრო ერთფეროვანი გახდა. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა კორონავირუსი უკვე დაამარცხა, თუმცა პანდემიამ რამდენიმე მოხუცის სიცოცხლე მაინც იმსხვერპლა. პანსიონატის ბინადრები ახლა თავად ცდილობენ ერთმანეთის ცხოვრება მრავალფეროვანი გახადონ.
ხანდაზმულთა პანსიონატის სიჩუმეს ახლა მხოლოდ გულსუნდა ახობაძის საფორტეპიანო შესრულება არღვევს. ის მეგობრებისთვის თითქმის დავიწყებულ სიმღერას ასრულებს. ხვალ კი, მე-80 დაბადების დღეს იზეიმებს. სურვილი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაიფიქროს უცვლელია – დიდხანს სიცოცხლე. თუმცა ამ ნატვრას წელს კიდევ ერთი დაემატა – მალე დამთავრდეს პანდემია…
“ახლა მე მარტო ერთი ოცნება მაქვს – ჩემი დაბადების დღე კიდევ რომ მოვიდეს და კიდევ ვიცოცხლო. ისედაც მალე მოვკვდებით მოხუცები. ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ დროს. ყოველი ცუდად გახდომის შემდეგ არ ვიცით გადავრჩებით თუ არა. ეს პანდემია კი ნამდვილად აღარ გვინდოდა, ძალიან ბევრი გარდაიცვალა“ – ამბობს მოხუცთა პანსიონატში მცხოვრები გულსუნდა ახობაძე.
მურმან ხაჭაპურიძე კორონავირუსით შემოდგომაზე დაინფიცირდა. არ შეშინებია და ეს დრო მხოლოდ მუშაობაში გაატარა. ის უკვე ცხრა წელია პანსიონატისთვის ხელნაწერ კედლის გაზეთს ამზადებს.
„უსიმპტომო შემხვდა და არც გამიგია, ისე გადავიტანე. გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან მიშველა გაზეთზე მუშაობამ. მუშაობისას ამ ოთხმოცი წლის კაცს ისე შემომათენდება, მე თვითონაც ვერ ვიგებ. ასეა, მუშაობა რომ გაგიტაცებს. ჟურნალისტიკა ასეთია…“ – ამბობს მურმან ხაჭაპურიძე.
მედიკო იაშვილმაც გადაიტანა კორონავირუსი. მას სჯეროდა, რომ დაავადებას აუცილებლად დაამარცხებდა. ასეც მოხდა.
„შიში არ მქონია. თურმე აქ ძალიან დარდობდნენ, რომ მე ამ ვირუსს ვერ გადავიტანდი, რადგან ბევრი თანმხლები დაავადება მქონდა. მარტში ინსულტიც გადავიტანე. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს დარდი არ გამყოლია. ძალიან მხნედ ვიყავი და ვიცოდი, რომ მე აქ აუცილებლად დავბრუნდებოდი. ეს რწმენა სულ მქონდა“ – ამბობს მედიკო იაშვილი, რომელმაც კორონავირუსი შემოდგომაზე გადაიტანა.
“მიუხედავად იმისა, რომ აქ ხანდაზმულები ცხოვრობენ, ჩემს პანსიონატში სულ აქტიური ცხოვრება იყო. აქ სულ რაღაცას საქმიანობდნენ. პანდემიის დროს კი თითქოს ცისკარას ქალაქს დაემსგავსა აქაურობა. როგორც პანსიონატის თანამშრომლები, ასევე ხანდაზმულები, ვართ რისკის ჯგუფში, ამიტომ მინდა ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდო დროულად დავიწყოთ ვაქცინაცია, რადგან თითოეული ჩემი მოხუცის კოვიდით დაინფიცირება და მისი ვერგადარჩენა ჩვენთვის ძალინ დიდი ტკივილია“ – ამბობს ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორი, დარეჯან თომაძე.
მიხეილ ზანდუკელი პოეტია. კოვიდინფექციას გადაურჩა და კარანტინის დღეებში ბევრს წერდა. მისი ლექსების დიდი ნაწილი სიცოცხლესა და სიყვარულს ეძღვნება.
„მთვარე ამოდის ქედიდან, ტრფობის უცვლელი მაცნე,
ხეები ზეზე კვდებიან, ნეტავი მეც არ ჩავწვე.
იგვიანებდეს სიკვდილი, შეწყდეს ღირსეულთ კვნესა,
ჩვენ შევძლოთ სათნო ღიმილით, ქვეყნად სიკეთის თესვა“ – მიხეილ ზანდუკელის ლექსი.
ხანდაზმულთა პანსიონატში ახლა ყველაზე მეტად პანდემიის მალე დასრულება სურთ, როცა ერთად შეკრების და ბევრი სტუმრის მიღების არ შეეშინდებათ. მათ ღიმილს კი პირბადე აღარ დაფარავს.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი – ფოტორეპორტაჟი
ნანუკა მეშველაშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე