გასული წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ძალოვანი უწყების მინისტრის თქმით, გასულ წელს კრიმინალის მართვის, პრევენციისა და გახსნილი საქმეების თვალსაზრისით, 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესებაა. გომელაურმა სამინისტროს მთავარ მიღწევად, ოჯახში ძალადობის აღკვეთისთვის, ელექტრონული სამაჯურით თვალთვალის დაწესების სისტემის დანერგვა და ნარკოდანაშაულების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები დაასახელა. მინისტრმა უპასუხა კითხვებს, რომლებიც არასრულწლოვნებზე ძალადობის საკითხს ეხებოდა. ასეთი ფაქტების პრევენციაზე პასუხისმგებლობა ვახტანგ გომელაურმა, სხვადასხვა სამინისტროს და საზოგადოებას დააკისრა. რაც შეეხება ზუგდიდში ბანკის ძარცვის ცნობილ საქმეს, თუ რატომ ვერ აკავებს პოლიცია ბრალდებულ ბადრი ესებუას, მან უპასუხა, რომ – „მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ – ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან. მესმის დიდი ინტერესია. არ მიყვარს ბაქი-ბუქით საუბარი და ტრაბახი. არ ვიცი, შეიძლება ხვალ მოხდეს, ან ზეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ. 2-3 კვირის წინ დავაკავეთ ადამიანი მკვლელობაზე, რომელმაც დანაშაული 12 წლის წინ ჩაიდინა – ხდება ეს. ვერ გეტყვით, როდის მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შსს მინისტრის ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალთან ბრძოლაში სუსტია.
„ვისმენთ მინისტრის თავმომწონე ლაპარაკს, როგორი წარმატებულია სამინისტრო. სინამდვილეში ასე არ არის. მაგალითად, რატომ ვერ დააკავეს ბადრი ესებუა, რომელმაც ხურჯინში ნახევარი მილიონი დოლარი ჩაიდო, ზურგზე მოიგდო და გაიქცა. სამ თვეზე მეტია ეს ერთი კაცი ვერ დააკავეს. რომელ წარმატებაზეა საუბარი? ამის შემდეგ კრიმინალი უფრო წახალისდა და უამრავი ფაქტი ვნახეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მმართველი გუნდის დეპუტატები, პანდემიისა და სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და თავად მინისტრ ვახტანგ გომელაურის მუშაობას, დადებითად აფასებენ.
„ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, გარემოს დაცვითი დარღვევების ფაქტების გამოვლენა, სატრანსპორტო და სასაზღვრო უსაფრთხოება და მრავალი სხვა წარმატებული ღონისძიება, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მინისტრ გომელაურს მოვუწონო საქმიანობა. მადლობას ვუხდი შს სამინისტროს ყველა უწყებას და თანამშრომელს. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტში მათ დასაფასებლად ბევრად მეტი სახსრები უნდა გამოვნახოთ,“ – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია ბითაძემ.
შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, უმაღლესი შეფასება მიანიჭა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და თქვა, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დასაკავებლად. მინისტრის მოსმენა პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ალეკო გვეტაძე