მთავარი ამბები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის 4 მარტს  სატელეფონო საუბარი შედგა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართული მხარის ერთგულებას, როგორც აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის, ისე არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრის ოფიციალური განცხადების მიხედვით, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის თავდაცვის მდივანმაც. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის თავდაცვის უწყებისთვის. ლოიდ ოსტინმა  ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.

 

„ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე და აღინიშნა, რომ „ჩვენ არა მხოლოდ ვშრომობთ ერთად უკეთესი მომავლისთვის, არამედ ვიბრძვით კიდეც ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საუბრისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან მაღალი დონის შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში – ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას ადასტურებს.

 

მხარეებმა აშშ-საქართველოს ერთობლივ პროგრამებზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს.

 

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ განხორციელებაში აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თანამშრომლობის არეალის გაფართოების სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

სატელეფონო საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ოფიციალური შეხვედრის იმედი გამოთქვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

საქართველოსაქართველო