არჩევნების მიმართ მაღალი სანდოობისთვის, პარლამენტში საარჩევნო რეფორმის დროებითი ჯგუფი მუშაობს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ცესკო შერეული პრინციპით დაკომპლექტდება. 17 წევრიდან 9 პარტიების წარმომადგენელი იქნება. უბნების 10% დარღვევების არსებობის მიუხედავად, ავტომატურად გადაითვლება. ბიულეტინების დათვლა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია ელექტრონულად მოხდება. აიკრძალება და დანაშაულად ჩაითვლება ამომრჩეველთა ნებაზე სხვადასხვა ფორმით მანიპულირება. გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. ახლა რეფორმის ჯგუფი, შეთანხმებული საკითხების ტექნიკურად შესრულებაზე მსჯელობს.
„სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რომ დაიხვეწოს ეს პროექტი. დაახლოებით 2 თვე გვაქვს წინ, სანამ პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს კანონს. ამასთან, ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ პროექტთან დაკავშირებითაც მივიღოთ რეკომენდაციები. რაც შეეხება ბარიერის საკითხს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5- დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე, ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუკი შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში, რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, აქ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის”, – განაცხადა პარლამენტის საარჩევნო რეფორმის ჯგუფის თანათავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან შალვა პაპუაშვილმა.
მთავარ საკითხებზე შეთანხმების მიუხედავად, განხილვებში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვთ. ორგანიზაცია „მრავალფეროვანი საქართველო“-ს გავრცელებულ განცხადებაში, ხელისუფლებას კანონპროექტის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. „ISFED სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება ცვლილებებს, თუმცა პოლიტიკურ მხარეებს, საარჩევნო პროცესების უფრო მეტად გამჭვირვალობის რეკომენდაციით მიმართავს. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დანანებით აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. ეს იყო ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. სამი მიმართულება იყო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის მნიშვნელოვანი – საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამომრჩევლის ნების კონტროლის შემაკავებელი მექანიზმები. სამივე ამ მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა,“ – განაცხადა „საიას“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.
საარჩევნო რეფორმის ჯგუფი პირველ მაისამდე, შეთანხმებული საკითხების კანონპროექტად მომზადებისთვის, ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებს. დოკუმენტს ასევე, ეუთო/ოდირის მრჩევლების ჯგუფს გადაუგზავნიან, საიდანაც რეკომენდაციებს მიიღებენ. შემდეგ, კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს. თუ ცვლილება შედგა, საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
ალეკო გვეტაძე