მთავარი ამბები ირაკლი ღარიბაშვილი: ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ენერგოგენრაციის სიმძლავრის გაზრდას გეგემავს, რომ აღრა იყოს დამოკიდებულიე მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილ ელექტროენერგიის იმპორტზე. ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  4 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით წამოჭრილ სადაო  საკითხებზე გააკეთა კომენტარი.

ნათია თურნავა – ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში

„საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ჯამში, არის  დაახლოებით 4500 მეგავატი,  რომლის დაახლოებით 70% ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში – ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის  პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა  განმარტა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და  საუბრის საგანი, ყველა შეხვედრაზე, იქნება ორი  რამ – რამდენად  მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი გარეთ გასვლის ნაცვლად,  ქვეყანაში დარჩეს და საკუთარ ჰიდროსადგურებსა და იქ დასაქმებულ  ადამიანებს მოხმარდეს.

„ეს არის  ჩვენი მთავარი ნარატივი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, – თქვა ნათია თურნავამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის მიერ გამოთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები ბუნებრივია, არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი დასაბუთებული, პროფესიონალური და კვალიფიციური  პასუხი“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა. გარდა ამისა, მინისტრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მოსმენებში.

„ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე ხვალ და დაიწყონ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ გამოწვევას ქვეყანამ სატანადო პასუხი უნდა გასცეს.

„მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვით ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

ირაკლი ღარიბაშვილიირაკლი ღარიბაშვილი