მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთი თვითნებურად ირლანდიის ზღვაში საშეღავათო პერიოდს იგრძელებს

ბრიტანეთი თვითნებურად ირლანდიის ზღვაში საშეღავათო პერიოდს იგრძელებს

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მხარეებს შორის უთანხმოება უკვე დაიწყო. ბრექსიტის შემდეგ ირლანდიის ზღვაში ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის პირობითი საზღვარი გაჩნდა, რისი საშუალებითაც კონტროლდება ის, რომ ბრიტანული პროდუქცია ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით ირლანდიის რესპუბლიკაში და შემდეგ უკვე დანარჩენ ევროკავშირში არ მოხვდეს. საზღვრის ამოქმედებამდე ბრიუსელმა ლონდონს საშეღავათო პერიოდი გაზაფხულამდე დაუწესა, თუმცა ბრიტანეთმა ის თვითნებურად შემოდგომამდე გადასწია.

დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის შეთანხმებათან დაკავშირებით კიდევ ერთი უთანხმოება გაჩნდა.

ოთხშაბათს ლონდონმა გამოაცხადა, რომ იგი თვითნებურად ირლანდიის ზღვაზე საშეღავათო პერიოდს გაიგრძელებდა.

შეთანხმების თანახმად, საშეღავათო პერიოდი 2021 წლის პირველ აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ლონდონმა თარიღი ოქტომბრამდე გადაწია, ვინაიდან, მთავრობის თქმით, ბიზნესი ამისთვის მზად არ არის.

 

ევროკავშირი სასამართლოს ჩარევით იმუქრება, ვინაიდან, მათი აზრით, ბრიტანეთი შეთანხმებას უხეშად არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის მოგვარებას ორივე მხარე ცდილობს, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა.

შეთანხმების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საქონლის გაცვლის მიზნით საზღვარი ღია უნდა იყოს.

უფრო კონკრეტულად, ბრიუსელის ინტერესებშია, რომ პრეფერენციულ-სუბსიდირებულ პირობებში წარმოებული ბრიტანული კომპანიების პროდუქცია თუ მომსახურება ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით არ მოხვდეს ირლანდიაში (აქ საბაჟო არ არსებობს) და იქედან კი დანარჩენ ევროკავშირში.

ამის გამო კი დიდ ბრიტანეთს ჩრდილოეთ ირლანდიასთან უხილავი საზღვრის გავლება უწევს. ეს კი თავისთავად პრობლემაა.

ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს სხვა ერებისგან განსხვავებულად ექცევიან.

„სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანია ამ საკითხით შეშფოთებული და ვხედავ, რომ ეს მზარდი პრობლემაა. იგი გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე, ხალხის ცხოვრებაზე და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – ამბობს ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის წევრი როი ბეგსი.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკოსთა ნაწილი მუქარაზე გადადის და ამბობენ, რომ ბოლომდე დაიცავენ ხალხის ინტერესებს.

ეს რთული პერიოდია ბრიუსელისა და ლონდონისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ მიღწეული შეთანხმება ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება, კონფლიქტს დასასრული არ უჩანს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend