ამერიკული ფარმაცევტული კონკურენტი კომპანიები ,,ჯონსონ ენდ ჯონსონი” და ,,მერკი” ერთიანდებიან, რათა დროულად შეძლონ ერთდოზიანი ვაქცინის წარმოება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომპანიების გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს შეპირდა, რომ მაისის ბოლომდე ქვეყნის ყველა ზრდასრული მოქალაქე შეძლებს აიცრას.
,,როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღმოვაჩინეთ რომ წინა ადმინისტრაციას გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტები რომლის მიხედვითაც მოწოდებული ვაქცინები არ იქნებოდა საკმარისი აშშ-ს ყველა ზრდასრულის ვაქცინაციისათვის. მე დღეს ბედნიერი ვარ რომ კომპანიების მიმართ ჩვენი ხელშეწყობით და მათი ურთიერთთანამშრომლობის პროცესის დაჩქარებით ქვეყანას მაისის ბოლომდე ექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იმისათვის რომ ყველა ზრდასრული მოქალაქე აიცრას. სანამ ჩვენ მესამე ვაქცინის დამტკიცებას ვზეიმობთ, ყველა ამერიკელს მოვუწოდებ რომ გააგრძელეთ წესების დაცვა, ხელების დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება. ახლა არ არის მოდუნების დრო”,- განცხადა ჯო ბაიდენმა.
თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის ეს სიტყვები ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს. რამდენიმე შტატმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ბარებსა და რესტორნებში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ტეხასის შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებაში არსებული მზარდი უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა ნიღბების ტარების წესის გაუქმება, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინიციატივას.