მთავარი საქართველო სამუშაოზე მყოფი ძაღლები დანაშაულის გახსნას ამარტივებენ

სამუშაოზე მყოფი ძაღლები დანაშაულის გახსნას ამარტივებენ

ჯუნა გერმანული ნაგაზია, რომელიც უკვე მეექვსე წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს გახსნილი. იგი ძირითადად ადამიანის სუნის კვალზე მუშაობს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლების ერთი ნაწილი, ჯუნას მსგავსად, ადამიანის სუნით იღებს კვალს, ხოლო მეორე, ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენაზე მუშაობს.

ჯუნა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლი Copyright/Euronews Georgia

„სამძებრო ძაღლის კვალზე წვრთნა, საკმაოდ შრომატევადი პროცესია. დაახლოებით ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე, მუხლჩაუხრელი შრომა არის საჭირო. თავდაპირველად, ელემენტარული კვალიდან ვაწყებინებთ, როგორიც არის საკუთარი პატრონის კვალის სუნზე სიარული, ხოლო შემდეგ ვურთულებთ ლანშაპტს და სხვადასხვა ადამიანის სუნე გადაგვყავს. როდესაც ძაღლი ყველანაირად მზად არის, იგი გამოცდას აბარებს, შემოწმებას გადის, და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის შემთხვევის ადგილზე სამუშაოდ“, – ამბობს კინოლოგიის სამსახურის მთავარი ექსპერტი, ჯაბა მენთეშაშვილი.

 
სამომსახურეო ძაღლები ძირითადად გერმანული და ბელგიური ნაგაზები არიან. ამ ეტაპზე, საქართველოში სხვა ჯიშებს არ იყენებენ.

ძაღლების წვრთნა ადრეული ასაკიდან, დაახლოებით, სამი თვიდან იწყება.

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლი Copyright/Euronews Georgia

სასაზღვრო პოლიციის ძაღლების ძირითადი მოვალეობა ნივთების ძებნა, თავისუფალი ძებნა და კვალზე მუშაობაა. თუ ძაღლი კონკრეტული სამსახურისთვის, მისი მონაცემებიდან გამომდინარე არ გამოდგება, იგი სხვა სტრუქტურულ სამსახურებს გადაეცემა, სადაც მისი მონაცემები მეტად გამოსადეგი იქნება.

„ძაღლი, როდესაც პიროვნებას აღმოაჩენს, უჯდება და ყეფას უწყებს. შემდეგ იგი მესაზღვრეებმა უნდა დააკავონ. თუმცა, თუ ის პირი ძაღლს რა ემორჩილება, ანუ გადადის შეტევაზე, ან გაქცევას ცდილობს, ძაღლი მას შეუტევს და ფიზიკურად დააკავებს მას“, – ამბობს კინოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თეიმურაზ ჩხარტიშვილი.

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამსახური Copyright/ Euronews Georgia

მისი თქმით, წვრთნის პროცესი, ძაღლის ინტერესის გაღვივებასა და თამაშზე არის აგებული. არ გამოიყენება უარყოფითი, ანუ ძალისმიერი დასჯის მეთოდები. იმისათვის, რომ ძაღლი მიხვდეს, რომ არასწორედ მოქმედებს, ის უბრალოდ ვერ მიიღებს იმ წახალისებას, რასაც ელოდება.

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის წამყვან სპეციალისტს, ჯაბა კაჭკაჭიშვილს, ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხასიათის გერმანული ნაგაზი ჰყავს. მისი თქმით, ისევე, როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც სიყვარული, სიხარული და თამაში სჭირდებათ.

„ყველაზე განსაკუთრებული და გამოსარჩევი ისაა, რომ ამ ძაღლებთან მუშაობის დროს, ყველაფერი გავიწყდება. როდესაც შენი საქმე გიყვარს, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია, იქ მთავრდება ყველაფერი სხვა”, – ამბობს ჯაბა კაჭკაჭიშვილი.

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ძაღლები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის მიმართულებით მუშაობენ,ნარკოდამოკიდებულები არიან.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის, გიგლა სარალიძის თქმით, არის სპეციალური წვრთნის კურსი, რომლის მეშვეობითაც ძაღლები შესაბამის მომზადებას გადიან. ძაღლების ნარკოტიკული საშუალებებით დაგეშვა არ ხდება.

ეს ძაღლები დაახლოებით 9-10 წლის ასაკამდე აგრძელებენ მუშაობას, შემდეგ კი დამსახურებულ პენსიაზე გადიან.

„როდესაც ძაღლი აღწევს იმ ასაკს, როდესაც შემთხვევის ადგილზე მუშაობა აღარ შეუძლია, ისინი დამსახურებულად რჩებიან ჩვენი სამსახურის ბალანსზე, სადაც მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ. მათ ვეფერებით, ვუვლით და სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან ჩვენი სამსახურის ტერიტორიაზე“, – ამბობს ჯაბა მენთეშაშვილი

სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამსახური Copyright/ Euronews Georgia

დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შემდეგ ძაღლებს ამ ტერიტორიაზე დარჩენის უფლება აქვთ, თუმცა ზოგ მეწყვილეს, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ძაღლი შინ მიჰყავს, რადგან მათთვის ძაღლი ოჯახის წევრია.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები