მთავარისაქართველო60 წლის წინ გამქრალი ქურციკები დაბრუნდნენ

60 წლის წინ გამქრალი ქურციკები დაბრუნდნენ

3 მარტი ველური ბუნების საერთაშორისო დღეა. მისი მიზანი მსოფლიოს ველური ფლორისა და ფაუნის დაცვა და გადარჩენაა.

უსწორმასწორო გზას ვაშლოვანის ნაკრძალში მივყავართ. იმისთვის, რომ რეინჯერებმა ქურციკებს იგივე ჯეირანებს მიაგნონ, ჯერ ხეობა უნდა გაიარონ და სამუხის ველზე აღმოჩნდენ, თუმცა 60 წლის წინ მათი პოვნა საქართველოს ველურ ბუნებაში შეუძლებელი იყო.

ვაჟიკო ყოჩიაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროგრამაში 2015 წლიდანაა ჩართული. ის პროექტში ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტია და ვაშლოვანის ნაკრძალში მათ აკვირდება. ამბობს რომ ქურციკების ქცევას უკვე კარგად იცნობს, რაც ველზე მათ მიგნებას უადვილებს.


„ივრის ზეგანზე ბიომრავაფეროვნების აღდგენის საქმეში ქურციკის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, იგი საქართველოში დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ გადაშენდა, ჩემი კონკრეტული საქმიანობა კი მოიცავს ქურციკების მონიტორინგს, ამ ტერიტორიაზე მათი პოვნას, გადაადგილების შესწავალას, შესაბამისი პრევენციული ზომების დაგეგმვასა და ამ პროგრამის ხელშეწყობას“,-ამბობს მსოფლიო ბუნების ფონდში (WWF), ქურციკების მონიტორინგის სპეციალისტი ვაჟიკო ყოჩიაშვილი.

პროგრამა 2014 წელს  მეზობელი აზერბაიჯანის მონაწილეობით დაიწყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით. ქურციკები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოჰყავდათ და გარემოს აჩვევდნენ.  მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქურციკების მეექვსე თაობა გაჩნდა.

„ეტაპობრივად ხდებოდა ქურციკების გაშვება ამ ადგილებში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთში, ჯამში დაახლოებით 80 მდე ინდივიდია შემოყვანილი, ხოლო საქართველოში მათი პოპულაცია 150 ინდივიდს აღწევს, სამუხის ველი კი მათთვის იდიალურ საბინადრო ჰაბიტატს  წარმოადგენს“,-ამბობს ვაჟიკო ყოჩიაშვილი

ვაშლოვანის ნაკრძალის რეინჯერთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჩერქეზიშვილიც ჩართულია პროგრამის განხორციელებაში. ის უკვე 31 წელია ნაკრძალში მუშაობს და აქაურობა იმ დროიდან ახსოვს, როცა ნაკრძალი გაცილებით პატარა იყო- სულ 5 ათას ჰექტარს მოიცავდა. მას შემდეგ დაცული ტერიტორიის ფართობი გაიზარდა და ახლა ის 35 ათას ჰექტარზე მეტია.  რეინჯერი ამბობს, რომ დაცულ ტერიტორიაზე იშვიათი სახეობების დაბრუნებაველური ბუნებისათვის  ძალიან მნიშვნელოვანია:

„ეკოსისტემაში ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, როდესაც ერთი წყდება და იკარგება მას მეორეც მიჰყვება. ასეთია მაგალითად მტაცებელი. ჯიქი, იგივე ლეოპარდი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბინაოდრობდა, ხოლო ქურციკის გადაშენებამ მისი გაქრობაც გამოიწვია. შესაბამისად ქურციკის აღგენა პოტენციურ საშუალებას იძლევა, რომ ამ ტერიტორიებზე მტაცებელი სახეობებიც დაბრუნდნენ“,-ამბობს ვაშლოვანის ნაკრძალში რეინჯერთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჩერქეზიშვილი

2014 წლიდან მოყოლებული, ვაშლოვანის ნაკრძალში  დღეს 150 ქურციკი დარბის.  მაგრამ იმისთვის, რომ სახეობა გადარჩეს, ჯეირანების რაოდენობა კიდევ ორჯერ უნდა გაიზარდოს. მანამდე კი, ვაშლოვანის ნაკრძალის ქურციკები ლაღად დაქრიან ჩამავალი მზის სხივებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend