მთავარი ამბები დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებული რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს, რადგან აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ცდილობს გალის ახალგაზრდებს უმაღლესი განათლება რუსეთში მიაღებინოს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში გალში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად არჩევანს თბილისის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აკეთებს. ამ ფაქტზე ყურადღება დე-ფაქტო მთავრობამაც გაამახვილა. 23 თებერვალს გალს დე ფაქტო განათლების მინისტრი ინალ გაბლია ესტუმრა და ვიზიტის ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, რომ გალიდან წასულმა აბიტურიენტებმა უმაღლესი განათლება რუსეთში უაფსოდ მიიღონ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ გალელ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის  ნაცვლად თბილისში წასვლას არჩევენ. მინისტრის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან, რომ გალის რაიონიდან წასული აბიტურიენტებისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების სრულ დაფინანსებას მიაღწიოს. შეთანხმების შემთხვევაში, გალის სკოლადამთავრებულებს რუსეთში უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსების შესაძლებლობა ექნებათ. გაბლიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს ინიციატივა  თბილისში სწავლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. დე ფაქტო ხელისუფლების ეს მიდგომა ბოლო 3 წელია განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა, ამ ეტაპზე, გალელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს სწავლის გაგრძელება ისევ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სურს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ განხორციელების შემთხვევაში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკა გალის მაცხოვრებლების ქართულ მხარესთან კონტაქტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო შეამცირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ოკუპირებული რეგიონის სხვა პრობლემებზეც მიუთითებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ელექტრომომარაგების პრობლემა, რომელიც ენგურჰესის სარემონტო სამუშაოების შეჩერების გამო შეიქმნა და შესაძლოა, ენერგოკრიზისში გადაიზარდოს.

„იმ ფონზე, როდესაც ენგურჰესი კაპიტალური რემონტისთვისაა დაკეტილი, „მაინერების“ მცდელობა ფარულად აწარმოონ კრიპტოვალუტა, წარმოუდგენლად ზრდის ელექტროენერგიის მოხმარების დონეს. ადგილობრივების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ რეგიონს დამატებითი რესურსები არ გამოეყო, აფხაზეთში მძიმე ენერგოკრიზისი შეიქმნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გალის მძიმე კრიმინოგენური ვითარებაზეც მიუთითებს, სადაც ხშირია მაღაზიის მესაკუთრეების რეკეტის შემთხვევები. თანაც, კრიმინალური დაჯგუფებების გარდა, „ხარკს“ აფხაზური მილიციაც ითხოვს. თუმცა პოზიტიური სიახლეებია ჯანდაცვის სფეროში.

„ პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, აფხაზეთიდან გადმომსვლელები საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ, სადაც მათ 12 დღის განმავლობაში უწევდათ დარჩენა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გალის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნის პასუხად, კარანტინი 5 დღემდე შემცირდა, რამაც გალის მოსახლეობის ყოფა ნაწილობრივ შეამსუბუქა. შედეგად, გალიდან მობილობა გაიზარდა და გაადვილდა მედიკამენტების აფხაზეთში გადატანა. ამასთანავე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირის შეფასებით, დადებით როლს თამაშობს ენგურის გამშვებ პუნქტთან მოწყობილი საველე პუნქტი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ოკუპორიებულ რეგიონებს მეტი ყურადღება დაუთმოს.

„საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს. აფხაზეთში ყველაზე ნაკლებად ეთნიკურ ქართველთა უფლებებია დაცული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპაციით, კონფლიქტითა და პანდემიით შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად“, – ნათქვამია   დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულა განცხადებაში.

 

უახლესი

სხვა ამბები