მთავარი ამბები ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გააგრძელა

ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გააგრძელა

ბერლინის სასამართლომ  ჩეჩენთა საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამრთლო პროცესი განაახლა. სასამართლომ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმის Bellingcat-ის ჟურნალისტის დაკითხვა დაიწყო. მოწმის  პირადი მონაცემები გასაიდუმლოებულია. მისი დაკითხვა ოთხ დღეს გაგრძელდება და იგი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

გერმანელ გამომძიებლებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ვადიმ კრასიკოვის ვინაობის და რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი კავშირის დადგენაში სწორედ Bellingcat-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება დაეხმარა

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობასთან კავშირი ბრალდებულის მეუღლესაც აქვს. ბერლინის სასამართლოში 2 მარტს გამართულ სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებული კრასიკოვის ცოლმა და ქალიშვილმა, შეცვლილი გვარით მოსკოვი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვეს და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თანხლებით ყირიმში გაემგზავრნენ.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების თანახმად, ბრალდებული, ვინმე ვადიმ სოკოლვის სახელით, გერმანიაში საგანგებოდ ჩავიდა ხანგოშვილის მოსაკლავად და ეს დავალება რუსეთის ხელისუფლებისგან ჰქონდა მიღებული. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში და რუსეთის საწინააღმდეგო სხვა კონფლიქტებში მისი მონაწილეობის გამო. კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. თავად ბრალდებული უარყოფს, რომ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი  პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. იგი რუსეთის მოქალაქეა და დაკავების დროს თან ჰქონდა ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. გერმანიის ფედერალური პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო  2015 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც თბილისში მისი მოკვლა სცადეს. ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

 

უახლესი

სხვა ამბები